Home რჩევები როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები – 5 გამოსადეგი რჩევა

როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები – 5 გამოსადეგი რჩევა

ტრადიციული თვალსაზრისით, ფინანსური დამოუკიდებლობა ნიშნავს, გქონდეს საკმარისი პასიური შემოსავალი ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯის დასაფარად. ამაში მოიაზრება დანაზოგების, ინვესტიციებისა და ნაღდი ფულის ის ოდენობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოგვესურვება – გავიდეთ პენსიაზე როცა გვინდა და მივდიოთ ნებისმიერ სასურველ კარიერას.

ადამიანებს არ სურთ, იყვნენ სხვებზე ან სამსახურზე დამოკიდებულები, თუმცა მათი დიდი ნაწილი ამას ვერ ახერხებს. გაუთვალისწინებელი ფინანსური სიტუაციების გარდა, ადამიანებს მიზნების მიღწევაში გადაჭარბებული ხარჯვის გამო გაზრდილი სესხები, კრიზისი თუ პანდემია უშლით ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პრობლემები ყველას შეიძლება გაუჩნდეს, ქვემოთჩამოთვლილი რჩევები, რომლებსაც ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული საფინანსო კომპანია Schwab გვთავაზობს, ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გზაზე დადგომაშ იაუცილებლად დაგეხმარებათ.

დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ

თანამედროვე სამყაროში ხარჯვის კონტროლი მეტად რთულია, განსაკუთრებით კი ონლაინ გადახდების სიმარტივის, საკრედიტო ბარათებისა და „იყიდე ახლა, გადაიხადე შემდეგ“ შემოთავაზებების პირობებში. ამიტომაც, საჭიროა ხაზის გავლება იმას შორის, თუ რა გჭირდებათ აუცილებლად და რა არა. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა ბიუჯეტის შედგენაა – ჩამოწერეთ აუცილებელი ხარჯები (საკვები, ტრანსპორტი, დაზღვევა, სესხი და სხვ) ერთ სვეტში, მეორეში კი გართობისთვის თუ დასვენებისთვის საჭირო ხარჯები. ბიუჯეტის შედგენისთვის შეიძლება გამოგადგეთ ფართოდ გავრცელებული 50/30/20-ის წესი, რაც შემდეგს გულისხმობს: შემოსავლის 50% საჭიროებებისთვის, 30% სურვილებისთვის, 20% დანაზოგისთვის.

განაწყვეთ თქვენი გონება დასაზოგად

ზოგიერთი ადამიანისთვის დაზოგვა ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ყველაზე ამას ვერ ვიტყვით. თუ დაზოგვა თქვენც გიჭირთ, ერთი კარგი ტაქტიკა მისი ავტომატიზებაა – გააკეთე თანაბარი, სადაც განთავსდება თქვენი ხელფასი და ყოველთვიურად ჩამოჭრილი გარკვეული თანხა. თუმცა, თუ ამას არ იზამთ, ეცადეთ, დაზოგვის ჩვევა ჩამოიყალიბოთ, ჩამოწერეთ მიზნები, პერიოდულად შეამოწმეთ პროგრესი და შეიტანეთ შესწორებები საჭიროების შემთხვევაში.

ფონდი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის

გამოყავით თქვენი შემნახველი ბიუჯეტის ნაწილი ცალკესაგანგებო ფონდის შესაქმნელად, რათა გქონდეთ საკმარისი ნაღდი ფული სამიდან ექვსთვემდე ძირითადი ხარჯების დასაფარად. თუ ახლა იწყებთ, ეცადეთ, დაიწყოთ 1000-2000 ლარით და ამას დააშენოთ დანარჩენი. რატომაა საჭირო? ამის კარგი მაგალითი პანდემიაა, როდესაც მილიონობით ადამიანს შემოსავალი შეუმცირდა და ხარჯები მოულოდნელად მოემატა. ეს მეთოდი თავიდან აგარიდებთ სამსახურის დაკარგვითა თუ სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

დაზღვევა

შესაძლოა, ამის შესახებ აქამდეც გიფიქრიათ, თუმცა უარი გითქვამთ გარკვეული მიზეზების გამო. იქნება ეს ინდივიდუალური თუ სამსახურის შემოთავაზება, სიცოცხლის დაზღვევა რისკებს თავიდან აგაცილებთ. თუ მანქანა გყავთ, მაშინ ავტომობილის დაზღვევაც საჭიროა. დამოუკიდებლობის დიდი ნაწილი სწორედ მზადყოფნას გულისხმობს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

ინვესტირება

დაზოგვა ერთია და ინვესტირება მეორე – თუკი გაუთვალისწინებელი შემთხვევების ფონდი უკვე შექმნილი გაქვთ, მაშინ ინვესტირებაც მალე უნდა დაიწყოთ. თუმცა სანამ დაიწყებთ, გადახედეთ თქვენს მიზნებს დ ადროის ჰორიზონტს, რაც საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ დღეს დღეობით ინვესტირებას დიდ რესურსი არ სჭირდება და დაწყება თითქმის ნებისმიერი თანხითაა შესაძლებელი. თუმცა, თუ მაინც ვერ შეჯერდებით, შეგიძლიათ ფინანსურ ასისტენტსაც მიმართოთ.

ცხადია, რჩევები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ბევრად მეტის დაწერა შეიძლება, თუმცა ამ 5 საბაზო რჩევის გათვალისწინებით, ხარჯვისა და დაზოგვის ჩვევების ჩამოყალიბებით, არამარტო კარგ სტარტს აიღებთ, არამედ გრძელვადიან პერიოდში ფინანსურ დამოუკიდებლობასაც  მიაღწევთ.