სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
მიწისძვრისას მიწისქვეშ გამოთავისუფლებული ენერგია წარმოშობს ძლიერ ბიძგებს, რომლებიც ჩვეულებრივ საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე ვრცელდება.
ბიძგებს შორის განირჩევა მთავარი, პირველი ბიძგი და მისი მომდევნო, შედარებით ნაკლები ძალის ბიძგები. მთავარი ბიძგის ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, არ აღემატება რამდენიმე წამს, მიუხედავად ამისა, მისი შედეგები მაინც გამაოგნებელია, რადგან ირღვევა გრუნტის მთლიანობა, ინგრევა შენობა-ნაგებობები, მწყობრიდან გამოდის წყალგაყვანილობა, გაზსადენი, ელექტრო და კავშირგაბმულობის ხაზები.
მიწისძვრის ძალა რიხტერის 12-ქულიანი სკალით ფასდება, რომლის მიხედვითაც 1-4 ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები ნაკლებ საშიშია, რამეთუ მათ დამანგრეველი ძალა არ გააჩნია, 5-6-ქულიან მიწისძვრას ზოგიერთ რაიონებში უკვე შეუძლია შენობა-ნაგებობების დანგრევა და შესაბამისად, მას თან გარკვეული ზარალიც ახლავს, 7 და მეტი ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები კი მეტად საშიშია და მნიშვნელოვან ადამიანურ მსხვერპლს იწვევს.
მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები
დღემდე შეუძლებელია მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება, თუმცა მას ირიბი, წინამორბედი ნიშნები აქვს.
მიწისძვრის მაუწყებელი ნიშნები ბიძგების გაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე იჩენს თავს. მათ კარგად იცნობს სეისმოლოგიურად საშიში ზონების მოსახლეობა. ესენია:
ჰაერში აირის სუნის გაჩენა;
შინაური ფრინველებისა და ცხოველების აღელვება;
წერტილოვანი გამონათებები, ნაპერწკლების გაყრა ერთმანეთის ახლოს მდებარე, ურთიერთარაშემხები ელექტროსადენებიდან;
სახლის შიგნითა კედლების ზედაპირების მოცისფროდ შეფერვა;
ლუმინესცენტული ნათურების თვითნებური ანთება.
როგორ მოვიქცეთ
მიწისძვრის წინამორბედი ნიშნების გაჩენისთანავე:
აუცილებელია გამორთოთ ნებისმიერი ელექტრო და გაზის ხელსაწყო;
ჩაიცვათ სწრაფად, აიღოთ საკვები, საჭირო მედიკამენტები, საბუთები და სწრაფად დატოვოთ შენობა;
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოსცილდეთ შენობას და გასწიოთ მოედნების და სკვერების, ფართო ქუჩების, გაშლილი, უშენობო ადგილებისკენ.
მიწისქვეშა ბიძგების შეგრძნებისთანავე აუცილებელია:
თუ შენობაში არ ხართ, მოშორდეთ გარე კონსტრუქციების კედლებს, ღობეებს, სვეტებს;
პირველი ბიძგების შემდეგ 1-2 საათი მაინც ნუ შეხვალთ შენობაში, რადგან შეიძლება ბიძგები განმეორდეს;
აუცილებელია სწრაფი და მშვიდი მოქმედება პანიკის გარეშე, რადგან საშუალო ძალის მიწისძვრისას დაზარალებულთა დიდ ნაწილს სწორედ პანიკისა და შიშის გამო გაუაზრებლად მომქმედი ადამიანები შეადგენენ;
მაღალსართულიან სახლებში დადექით შემოსასვლელთან ან აივანთან მდებარე კარებთან, მოშორდით ფანჯრებს, ყველას სჯობს, დადგეთ კუთხეში, რომელიც კაპიტალური საყრდენი კედლებითაა შექმნილი;
მიწისძვრის დროს აკრძალულია ასანთის ანთება და ლიფტით სარგებლობა;
აუცილებელია შენობის დროული დატოვება. ქარხნებსა და ფაბრიკებში, ნებისმიერ საწარმოში ამ დროს უნდა გამოირთოს ყველა ხელსაწყო, შეწყდეს ტექნოლოგიური პროცესი, თუ ეს შეუძლებელია, იგი დამზოგველ რეჟიმზე უნდა იქნეს გადაყვანილი;
თუ მიწისძვრისას საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებით, დაიცადეთ მის სრულ გაჩერებამდე და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეთ იგი. ამასთან გახსოვდეთ, გზა უპირველეს ყოვლისა ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებს და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს უნდა დაუთმოთ;
სასწავლო დაწესებულებებში, სასურველია, თუ მაღალი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას მცირე ასაკის მოსწავლეთა ევაკუაციაში დაეხმარებიან.