Home დღის ამბები რით დავაკავოთ ბავშვები – რჩევები და რესურსები მშობლებისათვის

რით დავაკავოთ ბავშვები – რჩევები და რესურსები მშობლებისათვის

    1. რითი დააკავონ სახლში ჯდომას შეუჩვეველი ბავშვები?
    2. როგორ შეუწყონ ხელი მათ განვითარებას სახლში ყოფნის პერიოდში?
    3. თავად როგორ მოახერხონ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ბავშვების სახლში ყოფნის პირობებში?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვების, განსაკუთრებით ბაღისა და დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვების განრიგი მაქსიმალურად უნდა დავამსგავსოთ მათთვის ჩვეულ განრიგს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ე.წ. “რეჟიმიდან ამოვარდნა” და მისი თანმდევი ეფექტები. ამისათვის მნიშნელოვანია შევადგინოთ მათთვის წერილობითი განრიგი.

სასურველია ბავშვებმა ერთსა და იმავე დროს მიირთვან საუზმე, სადილი და ვახშამი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ გამოყოფილი დრო “სწავლისთვის”  და თამაშისთვის. ეცადეთ “სწავლისათვის” გამოყოფილ დროს ბავშვები დაკავებული იყვნენ დაახლოებით ისეთივე აქტივობებით,როგორითაც სკოლაში თუ ბაღში არიან დაკავებული.

რაც შეეხებათ შედარებით უმცროსი ასაკის ბავშვებს, რომელთაც არ ავალებენ დავალებების შესრულებას, აქ მეტი შემოქმედებითობა უნდა გამოვიჩინოთ და თავად მივყვეთ განვითარების ისეთსავე სქემას, როგორსაც საბავშვო ბაღის პროგრამა ითვალისწინებს.

კიდევ უფრო შემოქმედებითები უნდა იყოთ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც საერთოდ არ დადიან ბაღში. ამ შემთხვევაში თავად მოგიწევთ განსაზღვროთ მათთვის განმავითარებელი და გასართობი ღონისძიებები.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ აქტივობებზე და მათ მიზნობრიობაზე:

ხატვა, ძერწვა, წიგნების კითხვა, გაფერადება – ის აქტივობებია, რომლებიც ერთი შეხედვით ყველა ბავშვის რუტინაში შედის და დიახ, ისინი წარმატებით შეგვიძლია ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილ დროს გამოვიყენოთ. თუმცა, ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია ამ აქტივობების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ და მათი განსხვავებული ვარიანტები გავიაზროთ.

ხატვა – გარდა იმისა, რომ ბავშვს მშვიდ მდგომარეობაში აკავებს, თქვენ კი გაძლევთ დროს, სამსახურებრივი თუ საოჯახი საქმე შეასრულოთ, ხატვას უდიდესი დიაგნოსტიკური და თერაპიული  დატვირთვა აქვს. არტ თერაპიის პრინციპის თანახმად, გარკვეული წესით (პასტელის ფანქრებით, გუაშითა და აკვარელით) შესრულებული ნახატი ბავშვის შინაგანი სამყაროს, ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესების წარმოჩინებას და კორექციას   განაპირობებს, თუმცა თუკი ნახატით დიაგნოსტიკა და ნახატში ცვლილებების გზით თერაპია პროფესიონალების პრეროგატივაა, სახლის პირობებში შეგვიძლია ხატვის მეშვეობით ბავშვებს ზედმეტი ემოციების გამოტანაში, დამშვიდებასა და ჰარმონიის მოპოვებაში დავეხმაროთ. გარდა ამისა, ხატვა ავითარებს ფერების აღქმას, შეხამების უნარს, შემოქმედებითობას.

ცხადია, კარგად მესმის, რომ ხატვა, განსაკუთრებით გუაშითა და აკვარელებით მაინცდამაინც სუფთა სამუშაო არ არის და საფრთხეს უქმნის ბავშვების სახლში ყოფნის პირობებში ისედაც ძნელად მისაღწევ წესრიგს, თუმცა ეფექტი, რომელსაც ხატვა ბავშვებზე ახდენს, ნამდვილად ღირს დამატებით ძალისხმევად.

სპეციალურად ხატვისთვის გამოყავით პოლიეთილენის ნაჭერი (მოძველებული მაგიდის ან უნივერსალური “კლიონკა”) და დაუფინეთ ბავშვებს მაგიდაზე (ალტერნატიულად იატაკზე), რათა თავისუფლად შეძლონ გუაშითა და აკვარელებით ხატვა. ტანსაცმელი რომ არ დაისვარონ, გამოიყენეთ წინსაფრები. თუკი ბავშვს მოჭარბებული უარყოფითი ემოციები აქვს, წაახალისეთ, რომ დახატოს აკვარელით, საღებავის წყალში გაზავება ასეთსავე ეფექტს ახდენს მის ემოციებზე.

ზოგჯერ ბავშვებს უჩნდებათ სურვილი, ფუნჯის ნაცვლად თითებით ხატონ. ნუ დაუშლით – ეს პროცესი განსაკუთრებით თერაპიულია და სასარგებლოა მათი ნერვული სისტემისთვის.

ძერწვა სენსორული პროცესია და ასევე მაღალი თერაპიული ეფექტით გამოირჩევა. აქაც, სასურველია იზრუნოთ სივცის გაჭუჭყიანების პრევენციაზე და  მისცეთ ბავშვებს საშუალება თავისუფლად დაკავდნენ ძერწვით.

თუ სახლში არ გაქვთ პლასტელინი, შეგიძლიათ ფქვილით, მარილითა და წყლით მოზელილი ცომი გაანაწილოთ და შეურიოთ საკვები საღებავი.

https://www.youtube.com/watch?v=oAIAm6BF0fs

ასევე თერაპიული პროცესია გაფერადება – იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ავითარებს კონცენტრირების უნარს.

ეს აქტივობები იმითაც არის გამორჩეული, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის საინტერესო და სასარგებლოა. თუ გასაფერადებლები არ გაქვთ და არც პრინტერზე მიგიწვდებათ ხელი, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ გასაფერადებელი შესთავაზოთ ბავშვებს.

https://lol.disney.com/games/coloring-pages

კითხვა

კითხვასაც რამდენიმენაირად შეგვიძლია მივუდგეთ. მოზრდილი ბავშვებისთვის კითხვა უდავოდ ინდივიდუალური აქტივობაა, რომელსაც გარდა შემეცნებითი და განმავითარებელი ეფექტისა, კიდევ სიჩუმის ეფექტი აქვს და მშვიდად მუშაობის  საშუალებას გვაძლევს. თუმცა, უფრო პატარებთან კითხვა გარდა შემეცნებისა ინტერაქციის ფორმას იძენს. მოაწყვეთ კითხვის საათები პატარებისთვის, ხმამაღლა წაუკითხეთ, შემდეგ კი პატარებთან ერთად იმსჯელეთ წაკითხულზე.  შედარებით უფროს ბავშვებს შეგიძლიათ სთხოვოთ, მოამზადონ პრეზენტაცია (წიგნის შინაარსი, დედააზრი, დასკვნა და საკუთარი შთაბეჭდილება) წაკითხულის შესახებ და გაუზიარონ იგი უფროსებს.

ასევე შეგიძლიათ შესთავაზეთ  ბავშვებს მსგავსი პრეზენტაციები რამდენიმე მეგობარმა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით გაუზიაროს ერთმანეთს, შემდეგ კი დაუსვან ერთმანეთს კითხვები და იმსჯელონ.

თუ სახლში მდიდარი საბავშვო ბიბლიოთეკით ვერ დაიკვეხნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ www.lit.ge  -ს მიერ უსასყიდლოდ შემოთავაზებული რესურსებით. გაითვალისწინეთ, აღნიშნული საიტიდან წიგნების კითხვა მხოლოდ გაჯეტზე სპეციალური პროგრამის – საბა რიდერის დაინსტალირების შემდეგ არის შესაძლებელი.

საინტერესო ინიციატივით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. დათქმულ დროს ისინი ონლაინ უკითხავენ ზღაპრებს პატარებს. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/usingeo/

მუსიკა

youtube – ზე პატარებისთვის ხელმისაწვდომი რესურსები ვფიქრობ ყველა მშობლისთვის ნაცნობია, თუმცა აქვე გაგიზიარებთ მეცნიერულად დამტკიცებულ რეკომენდაციას – მოასმენინოთ თქვენს პატარებს კლასიკური მუსიკა. იგი ბავშვებს განვითარებაში ეხმარება.

აქვე გთავაზობთ მსოფლიოს უდიდესი ონლაინ რადიოს Classic FM – ის მიერ რეკომენდებულ ათეულს https://www.classicfm.com/discover-music/best-classical-music-for-kids/

ფილმები

საბავშვო ფილმებს ერთგული და შეუცვლელი www.adjaranet.com და www.imovies.ge  შემოგვთავაზებენ. თუ თქვენს პატარებს ანიმეები უყვართ, ეწვიეთ გვერდებს: www.animetv.ge და www.tokyo.ge

ხელოვნება

თუ გვინდა, რომ ბავშვები მაღალ ხელოვნებას ვაზიაროთ, მუზეუმები ამისთვის ონლაინ ექსკურსიებს გვთავაზობენ.

https://www.travelandleisure.com/attractions/museums-galleries/museums-with-virtual-tours?fbclid=IwAR3KZ3u4yNrwZIgcgfktFz5kdJNqx–FLVYOWMBzDZj_G4scRqt-SohpbTs

გააცოცხლეთ ბავშვებთან  ერთად ზღაპრები, გაინაწილეთ როლები და განასახიერეთ მათთან ერთად ზღაპრის გმირები.

მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ისეთი აქტივობები, რომლებიც ერთის მხრივ ფანტაზიის განვითარებას, ფერებისა და ფორმების აღქმას, შემოქმედებითობას უწყობენ ხელს, მეორეს მხრივ კი სენსორული უნარების განვითარებას.

ცხადია, გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებისა და სახლში არსებული რესურსების მიხედვით უნდა მიიღოთ.

ქარგვა, ქსოვა, კერვა, სხვადასხვა მასალებისგან სამკაულის შექმნა – ის საქმიანობები, რომლებიც შედარებით უფროს ბავშვებს დააინტერესებთ. თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ, თუმცა, როგორც კი მცირე შედეგს დაინახავენ, აზარტიც მოემატებათ და უფრო მონდომებით მოეკიდებიან.

პატარებთან ერთად შეგიძლიათ   ხელნაკეთი სათამაშოები შექმნათ, დაიხმაროთ სამკაულის გაკეთებაში, ქაღალდისგან და სხვა ხელთ არსებული მასალებისგან ასწავლოთ მარტივი ნაკეთობების შექმნა – წიგნის სანიშნეები, გირლანდები, კონვერტები, აპლიკაციები.

ამაში youtube და რა თქმა უნდა შეუდარებელი www.pinterest.com დაგეხმარებათ, სადაც ათიათასობით იდეიდან აუცილებლად შეარჩევთ თქვენთვის საინტერესოს.

სხვა აქტივობები:

“სიტყვების თამაში”

აღნიშნული აქტივობა შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ ასაკის ბავშვებთან, რომლებსაც დამოუკიდებლად წერა-კითხვა შეუძლიათ.

აქტივობა შეიძლება ინდივიდუალურად ჩატარდეს, თუმცა ორი ან მეტი ბავშვის პირობებში უფრო საინტერესოა.

მიეცით ბავშვებს ფურცელი და კალამი, შემდეგ კი დაასახელეთ რომელიმე გრძელი სიტყვა და სთხოვეთ, რაც შეიძლება მეტი სიტყვა შეადგინონ ამ სიტყვაში შემავალი ასოებისგან.

სავარჯიშო ავითარებს აზროვნებას, სისხარტეს, ყურადღებას. მოგცემთ საშუალებას, შედარებით მშვიდ რეჟიმში გააჩეროთ ბავშვები.

“ერთობლივი ზღაპარი”

აქტივობა შეიძლება ჩატარდეს როგორც წერილობით, ასევე ზეპირადაც. რამოდენიმე ადამიანი უნდა დაჯდეს წრეში. ერთი იწყებს (წერილობით ან თხრობით) ზღაპარს, შემდეგი მონაწილე აგრძელებს და ა.შ.

სავარჯიშო ავითარებს შემოქმედებითობას, ფანტაზიას და ლოგიკას.

რებუსები, თავსატეხები, კროსვორდები და გონების სავარჯიშოები

დააკავეთ ბავშვები მათი ასაკისთვის შესაფერისი რებუსების, თავსატეხების, კროსვორდებისა და გონების სავარჯიშოების ამოხსნით. ინტერნეტში უამრავი რესურსია მოცემული. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს პორტალი mshoblebi.ge

https://www.mshoblebi.ge/gonebis-savarjisho/5737-sakhaliso-rebusebi-da-thavsatekhebi-patarebisthvis.html

 კიდევ ერთი ასეთი ინტერნეტ პორტალია kids.ge  – http://kids.ge/

ორიგამი

თუ სახლში ფერადი ქაღალდები გაქვთ, შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად youtube – ზე ორიგამის გაკვეთილებს უყუროთ და წებოს, წებოვანი ლენტისა თუ სხვა დამხმარე საშუალებების გარეშე შექმნათ ლამაზი ფიგურები.

ორიგამის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გასაგები და საინტერესო youtube არხია Easy Origami  – https://www.youtube.com/channel/UCbEiPECXvNKtaa4dUBRUh1w

დროის კაფსულა

შესთავაზეთ ბავშვებს დაწერონ წერილი, რომელსაც გარკვეულ ასაკში ან გარკვეული მოვლენის შემთხვევაში გახსნიან, შემდეგ კი შეინახეთ წერილი (და ჩაინიშნეთ, სად ინახავთ, საგულდაგულოდ შენახული და ვეღარდროს ნაპოვნი ნივთების ბედი რომ არ ეწიოს).

ქუესთი

დამალეთ რაიმე ნივთი ბავშვებისათვის უსაფრთხო ადგილას, შემდეგ დაწერეთ რამდენიმე მინიშნება, რომლებიც ასევე დამალეთ ისე, რომ პირველი მინიშნება მეორეს პოვნის საშუალებას იძლეოდეს, მეორეს მესამემდე მიყავდეს ბავშვი და ა.შ. ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად შემოქმედებითი, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ უსაფრთხოება.

ობსერვატორია

ვფიქრობ, შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს დააინტერესებთ ონლაინ ობსერვატორიაში დროის გატარება. მართალია ვებ-გვერდი ინგლისურადაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბავშვები მალევე გაიკვალავენ გზას ვებ-გვერდის ლაბირინტებში. –    http://kids.alma.cl/

კოლაჟები

თუ სასწრაფოდ გჭირდებათ,  რომ თქვენი ბავშვები მშვიდად ისხდნენ 30-40 წუთის განმავლობაში, მიეცით მათ ძველი ჟურნალები, ფურცლები, წებო და მაკრატელი და სთხოვეთ შექმნან თემატური ან თავისუფალი კოლაჟები.

გამოწვევა

ალტერნატიულად, შეგიძლიათ ბავშვები დააკავოთ გამოწვევების შემცველი დავალებებით. მაგალითად, სთხოვეთ ააშენონ კოშკი ხელთ არსებული მასალებისგან. მასალები თავად დაურიგეთ (მაგალითად, კოშკის აგებისთვის სტანდარტული პაკეტია: 10 თაბახის ფურცელი, 1 მეტრი წებოვანი ლენტი, 20 ფერადი დასაკრობი ქაღალდი, მაკრატელი, 2 მარკერი).

სადისკუსიო კლუბი

თუ თქვენ დაახლოებით ერთი ასაკის რამდენიმე ბავშვი გყავთ, შეგიძლიათ მისცეთ მათი ასაკისთვის შესაბამისი აქტუალური თემები და სთხოვოთ მოამზადონ პრეზენტაციები. მნიშვნელოვანია თითოეულ პრეზენტაციას მოყვეს განხილვა.

ჩრდილების თეატრი

ჩრდილების თეატრი შედარებით პატარა ასაკის ბავშვებს გაართობს. აითვისეთ, თუ როგორ გამოსახოთ კედელზე სხვადასხვა ფიგურები  და გაამხიარულეთ პატარები

https://www.youtube.com/watch?v=iiLxd5TsIlo

კარაოკე

იმღერეთ კარაოკე ბავშვებთან ერთად. სიმღერების კარაოკე ვერსიები შეგიძლიათ youtube-ზე იპოვოთ. დარწმუნდით, რომ ამით არავის აწუხებთ.

ონლაინ ვარჯიშები 

youtube – ზე საბავშვო ვარჯიშების ბევრნაირი ვერსიაა წარმოდგენილი – პილატესი, იოგა, აერობიკა, ზუმბა. შესთავაზეთ თქვენს შვილებს მათთვის შესაფერისი და მოსაწონი ვარიანტი.

https://www.youtube.com/watch?v=CBko9JPMtHs

ონლაინ ცეკვის გაკვეთილები

იმავე youtube – ზე სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვის არაერთი გაკვეთილი დევს. თუ თქვენს შვილს ცეკვა უყვარს, სიამოვნებით აითვისებს ახალ ილეთებს.

https://www.youtube.com/watch?v=JWTyO8npkOQ

მზარეულობანა

სთხოვეთ შვილებს, დაგეხმარონ მზარეულობაში. დააინტერესეთ ისინი, გამოუყავით პასუხისმგებლობის სფერო, შემდეგ კი აუცილებლად შეაქეთ.

მოაწყვეთ  ფოტოსესია

თუ ბავშვებმა მოიწყინეს, მოაწყვეთ ფოტოსესია. ერთად მოიფიქრეთ, რა სახის ფოტოების გადაღება გსურთ, რა დეკორაციები და ტანსაცმელი გჭირდებათ ამისთვის. გადაღებული ფოტოები გადაარჩიეთ, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ფილტრები და გაუზიარეთ ახლობლებს.

გადაიღეთ ვიდეოები

თუ ბავშვს ამის სურვილი აქვს, გადაუღეთ ვიდეო ამა თუ იმ აქტივობის შესრულების პროცესში. აუცილებლად ჰკითხეთ ნებართვა, სანამ ვიდეოს ვინმეს გაუზიარებთ. გარდა ამისა, თუ ბავშვმა კარგად აითვისა რაიმეს გაკეთება, შეგიძლიათ ე.წ.  ტუტორიალი ჩაწეროთ და მისი თანხმობით განათავსოთ სადმე.

“სკოლობანა”

თუ მეცადინეობისას ან რომელიმე დავალების შესრულებისას ჭირვეულობენ, შეგიძლიათ “სკოლობანას” თამაში შესთავაზოთ და ასე ჩართოთ აქტივობაში

გენეოლოგიური ხე

შედარებით უფროს ბავშვებს შეგიძლიათ გენეოლოგიური ხის შექმნა ასწავლოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვისთვის ეს საკმაოდ საინტერესო აქტივობა იქნება (თავის დროზე, მახსოვს, დიდი სიამოვნებით გავაკეთე).

“ამის პატრონმა რა ქნას?”

ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი “ამის პატრონმა რა ქნას?”, მიუჩინეთ ჯგუფის (ოჯახის) თითოეულ წევრს თავისი ფერის ქაღალდი, მოიქციეთ მუჭში, შემდეგ ისე, რომ არ დახედოთ, ერთი ქაღალდი მეორე ხელით აიღეთ და იკითხეთ – “ამის პატრონმა რა ქნას?”, ვისიც აღმოჩნდება ქაღალდი, იმან უნდა შეასრულოს მითითება.  მითითებები ჯგუფის წევრებმა რიგ-რიგობით უნდა დაასახელონ. მიადევნეთ თვალ-ყური რომ ყველა მითითება შესასრულებლად ადვილი და სახალისო იყოს.

სამაგიდო და ინტერაქტიური თამაშები:

1-2 იდეით რომ არ შეგზღუდოთ, გეტყვით, რომ youtube-ზე და pinterest –  ზე უამრავი იდეაა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეგიძლიათ, თავად შექმნათ ინტერაქტიური სამაგიდო თამაშები თქვენი შვილების ასაკიდან გამომდინარე ან ითამაშოთ მოძრავი თამაშები. მაგალითად, შეგიძლიათ ფურცლებზე დააწებოთ ჟურნალებიდან ამოჭრილი ნახატები, შემდეგ ორმხრივი წებოვანი ლენტის მეშვეობით დაუმაგროთ ბავშვს შუბლზე ერთ-ერთი , მან კი დაუსვას თამაშის დანარჩენ მონაწილეებს კითხვები და დათქმულ დროში გამოიცნოს, ვინ ან რა არის. მაგალითად, დიდი ვარ თუ პატარა? ხილი ვარ? ცხოველი ვარ? ეზოში ვცხოვრობ თუ ტყეში?

გთავაზობთ რამდენიმე ბმულს:

family games

kids games for inside

და რა თქმა უნდა

ურთიერთობა

შეგიძლიათ ონლაინ შეხვედრები მოაწყოთ ნათესავ-მეგობრებთან (და მათ შვილებთან) წინასწარი შეთანხმებით, ყველასთვის მისაღებ დროს. ამაში skype, viber, facetime, facebook messenger, whatsapp და სხვა პროგრამები დაგეხმარებათ.

ასევე წაახალისეთ თქვენი შვილები, შეინარჩუნონ ონლაინ კომუნიკაცია ბაღელებთან თუ კლასელებთან, დაეხმარეთ მათ ამაში, რათა თავიდან ავიცილოთ გაუცხოვება. სასწავლო დაწესებულებების დანიშნულება გარდა ინფორმაციის გადაცემისა, კომუნიკაციის უნარების განვითარებაშიც მდგომარეობს.

მიხარია, თუ ერთი-ორი იდეა მაინც შევმატე თქვენი აქტივობების “კოლექციას”.

ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, მოთმინებას და კეთილდღეობას გისურვებთ.

წყარო: https://makasartania.blogspot.com/