2023 წლიდან საქართველოში არაერთი ცვლილება ამოქმედდა. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შევა ძალაში ასევე რამდენიმე დღეში.
გთავაზობთ, იმ ცვლილებებს, რაც თებერვლიდან ამოქმედდება:
ბანკებს შორის გადარიცხვებზე საკომისიოს ზედა ზღვარი წესდება
ბანკებს შორის გადარიცხვებზე ეროვნული ბანკი საკომისიოს ზედა ზღვარს აწესებს. საუბარია, გადარიცხვებზე, რომელიც RTGS სისტემის საშუალებით ხორციელდება.
ცნობისთვის, აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს შორის ლარით გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.
მაგალითისთვის, 10 000 ლარამდე გადარიცხვის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ტარიფი იქნება არაუმეტეს 2 ლარი, 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე – არაუმეტეს 5 ლარი და 100 000 ლარის და ზევით გადარიცხვის შემთხვევაში – არაუმეტეს 50 ლარი.
1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება
1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება. ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება და კვლავ 60 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება დაწესდება. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების რომელთა პირველადი ინსპექტირება 60 ლარია, მაგალითად მსუბუქი ავტომობილები, ტაქსები და.ა.შ. განმეორებითი ინსპექტირება 20 ლარი ეღირება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში რომელთა პირველადი ინსპექტირება 100 ლარი იყო, განმეორებითი ტექდათვალიერების ღირებულება 30 ლარი იქნება.
1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება
1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
„ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, გთხოვთ, ისარგებლოთ „თიბისის“ ბანკომატებით. 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) – 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP),“ – ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესის ამოქმედებამდე, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6%-ს შეადგენდა.
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა არ შეეძლებათ
15 თებერვლიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს. რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე 15 იანვრიდან განისაზღვრა და ფარმაცევტულ კომპანიებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ.