რა არის მოწამვლა და როგორ შეიძლება გამოვლინდეს იგი, ასევე, რა შემთხვევაშია გადასხმის გაკეთება აუცილებელი და რა ღონისძიებებს შეგიძლიათ მიმართოთ სახლის პირობებში, აქტუალურ თემაზე ექთანი თამარ დაუსი საუბრობს
– მოწამვლა შესაძლებელია გამოვლინდეს პირღებინებით, დიარეითა და მაღალი ტემპერატურით. ამ დროს ძალიან ხშირად ძალების მოსაკრებად გადასხმას ითხოვენ ხოლმე. მოწამვლის დროს პირღებინების, დიარეისა და მაღალი სიცხის დროს ორგანიზმიდან წყალი იკარგება. თუ ეს თან კომბინაციაშია ერთმანეთთან, ჩავთვალოთ, რომ წყლის ძალიან დიდი რაოდენობა იკარგება. გააზრებულად წყლის მიღებას თუ არ დავიწყებთ, ყლუპ-ყლუპად, ყოველ 5 წუთში ერთხელ, თითო ყლუპ წყალს არ მივიღებთ და გამოყოფასა და მიღებას შორის ბალანსს არ გავათანაბრებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ადამიანი სისუსტეს, თავბრუსხვევას იგრძნობს და უფრო მეტად შეშინდება და მოითხოვს გადასხმას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რა სითხეც არ მიიღეთ, ის ვენურად შევა ორგანიზმში. გადასხმა ისევ კანის გაჩხვლეტა, ინვაზიური პროცედურა, სისხლძარღვში შესვლა, ტკივილია და საერთოდ არ არის საჭირო მსგავსი პროცედურების ჩატარება. მაგრამ, მნიშვნელოვანია, თუ ადამიანი სვამს წყალს, მაგრამ ვერ ინარჩუნებს, ეწყება აგრესიული პირღებინება, თუ მისი კანი საგრძნობლად გამოშრა. ამ შემთხვევაში მოწყვლადი კატეგორიაა ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები, მოხუცები და ორსულები. ახალშობილებში იმუნიტეტი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, რომ პათოგენს შეებრძოლოს, ხანდაზმულებში კი რესურსი ნელ-ნელა ილევა. ორივე პოპულაციაში სითხის დაკარგვა ძალიან მალე ხდება. ახალშობილებთან საშიში ნიშნებია, როდესაც ბავშვი ტირის და ცრემლი არ მოდის და საფენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშრალი რჩება, ანუ შარდი არ გამოიყოფა. ასევე, როდესაც კანი ძლიერ გამომშრალი და დანაოჭებულია. მაგალითად, მოხუცების შემთხვევაში, როდესაც კანზე მოვუჭერთ ხელს და ის მალევე კი არ გაიშლება, ამოწეულ მდგომარეობაში დარჩება და ნელ-ნელა დაიწყებს გაშლას. აქ უკვე სამედიცინო დაწესებულებას აუცილებლად უნდა მიმართოთ, სადაც გადასხმა შეიძლება პირველადი დახმარება იყოს და ნამდვილად გამოიყენონ. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ წყალთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელექტროლიტი იკარგება, რომელიც ჩვენი გულის რიტმულად, კარგად მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ელექტროლიტის დაკარგვა ღებინებასთან და დიარეასთან ერთად, გულის ფრიალს, თავბრუსხვევასა და ცუდად ყოფნის შეგრძნებას იწვევს. საზოგადოებამ ელექტროლიტური ხსნარები კარგად იცის, რომელსაც აფთიაქში ვყიდულობთ, შეიძლება, რომ განვაზაოთ, დავლიოთ და ეს ელექტროლიტები მივიღოთ. არის ხოლმე ასევე შიში, რომ ადამიანი საკვებს ვერ იღებს. ცოტახანს კუჭ-ნაწლავი დავასვენოთ. კვებაზე უფრო მნიშვნელოვანი წყლის მიღებაა. ცოტახანს საკვებს თავი დავანებოთ და გადავერთოთ წყლის მიღებაზე. როდესაც ოდნავ ჩაწყნარდება სიტუაცია, ღებინება, დიარეა შენელდება, მაშინ ნელ-ნელა საკვების მიღება დავიწყოთ. მაგალითად, გახუხული პური, ბრინჯი, ბანანი, რომელიც ადვილად მოსანელებელიც იქნება და იმ მნიშვნელოვანი ელემენტის, კალიუმის წყაროცაა. ნელ-ნელა დავიწყოთ საკვების აღდგენა. რაც შეეხება ახალშობილებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე ან ფორმულაზე არიან. დედებმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ ძუძუთი კვება ან ფორმულის მიცემა იმიტომ, რომ შეუძლებელია, ბავშვი სითხის გარეშე დატოვო. ბავშვებსა და მოხუცებში დიარეის დროს გამოყელვა ძალიან ხშირია, როდესაც კუჭში გასვლის ხშირი ეპიზოდია, კანი ღიზიანდება, ბაქტერიები მრავლდება, რაც შესაძლებელია, მეორეული ინფექციის წყაროც აღმოჩნდეს. შესაბამისად, ჰიგიენური ღონისძიებები, წყლის, საპნის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.