საქართველოში რამდენი დღის განმავლობაში ყინვები დღისითაც შენარჩუნდება. ზოგს მიაჩნია, რომ ყინვები სასარგებლოა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ყინვას უსიამოვნების მეტი არაფერი მოაქვს. ამ თემაზე მეცნიერებიც მსჯელობენ. წარმოგიდგენთ მეცნიერთა მიერ შეჯამებულ დასკვნებს რა სარგებელი და რა ზიანი მოაქვს ყინვას.
რა სარგებელი მოაქვს ყინვას
- სიცხეში თავს სუსტად ვგრძნობთ, უფრო სწრაფად ვიღლებით და გონების სისწრაფე და სიფხიზლე სადღაც ქრება. ცივი ამინდი, პირიქით, გვააქტიურებს და მზად ვართ მოქმედებისთვის.
- სიცხისგან დამალვა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ სიცივისგან თავის დაცვა თბილი ტანსაცმლით და გამათბობლებით ყოველთვის შეიძლება.
- 10 წლის წინ, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიცხე 5-ჯერ უფრო საშიშია ადამიანისთვის, ვიდრე ყინვა. მკვლევრებმა გააანალიზეს 6,5 მილიონი სიკვდილის შემთხვევა ამერიკის ორმოცდაათ უდიდეს ქალაქში. აღმოჩნდა, რომ ორდღიანმა ძლიერმა ყინვამ საშუალო სიკვდილიანობა 1,59%-ით გაზარდა. მაშინ როცა ორდღიანმა დამქანცველმა სიცხემ სიკვდილიანობის 5,74%-ით მატება გამოიწვია. ამიტომ, სიცივე გაცილებით უსაფრთხოდ ითვლება, ვიდრე სიცხე.
- მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზამთარში დაბადებული ბავშვები ზაფხულში დაბადებულებთან შედარებით ბევრად გაკაჟებული არიან. მეცნიერებმა რამდენიმე ქვეყანაში 20 ათასი ახალშობილის ფიზიკური პარამეტრები გამოიკვლიეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შუა ზამთარში შობადობაც მეტია, ვიდრე ზაფხულში. ავსტრიელებმა ასევე გააანალიზეს აღწერის არქივები და დაადგინეს, რომ ოქტომბრიდან იანვრამდე დაბადებული ადამიანები საშუალოდ 7 თვით მეტხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე აპრილიდან ივნისამდე დაბადებულები.
- ყინვა დაუნდობლად ანადგურებს მიკრობებსა და ვირუსებს, თოვლი კი ასუფთავებს დიდი ქალაქის ჰაერს, მოქმედებს როგორც ფილტრი, ის უვნებელყოფს მავნე ნაწილაკებს და მინარევებს.და ბოლოს, ყინვის სარგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება მაინც ის არის, რომ სიცივე ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით უნარს, აძლიერებს იმუნიტეტს, ავარჯიშებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ნევროზისა და სტრესის მიმართ გამძლეობაზე.
რა ზიანი მოაქვს ყინვას
ექიმები ამბობენ, რომ მინუს 10-20 გრადუს ტემპერატურაზე ადამიანს უკვე მოყინვა ემუქრება. სიცივე განსაკუთრებით საშიშია მაღალი ტენიანობისა და ძლიერი ქარის პირობებში. თუმცა, მოყინვის შესაძლებლობის გარეშეც, სიცივე ყოველთვის არ ახდენს დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
თმა. სკალპის ჰიპოთერმია უარყოფითად მოქმედებს თმაზე, ხელს უწყობს ქერტლის გაჩენას და იწვევს კანის ანთებას, თმის ფოლიკულები სუსტდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. ამიტომ ყინვაში უქუდოდ ნუ ივლით
თავი. თავისთავად თავის ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს ვაზოსპაზმი. რაც თავის მხრივ თავის ტკივილს და არტერიული წნევის ვარდნას განაპირობებს. ხოლო თუ თავის ძლიერი გაციება გაქვთ, არსებობს სინუსიტის – შუბლის სინუსების ანთება და მენინგიტიც კი – მენინგის ანთება. ასე რომ, თუ თმას გაიმეტებთ ყინვისთვის, ტვინი მაინც დაინდეთ და ქუდი ატარეთ.
ყურები. სიცივეში ყურები წითლდება და ეს ორგანიზმის ნორმალურ რეაქციად ითვლება, მაგრამ ყურის ბიბილოების გათეთრება არასოდეს დაუშვათ! ვინაიდან ეს უკვე ანთებითი პროცესია, რომელიც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში. ამიტომ, ცივ ამინდში აუცილებელია ქუდის ტარება, რომელიც ყურებს ფარავს.
ზედა ტანი. მსუბუქი ქურთუკით სიცივეში სიარულმა შეიძლება ბრონქიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია და მიოზიტი (კისრისა და ზურგის კუნთების ანთება) დაგმართოთ. თუ გულმკერდი ძალიან გაცივდა, შეიძლება პნევმონია და მიოკარდიტიც (გულის კუნთის ანთება) განვითარდეს. ზურგის ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს რადიკულიტის პროვოცირება. ასე რომ, ჯობია ცოტა ხნით დაივიწყოთ დაბალწელიანი ჯინსები და მოკლე პიჯაკები.
ქვედა ტანი. შედეგი იმისა, რომ სიცივეშიც ვცდილობთ გამოვიყურებოდეთ მოდურად, კერძოდ, მოკლე ქვედაბოლოებით და თხელი კოლგოტებით, შეიძლება იყოს ნეფრიტი (თირკმელების ანთება), ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება) და შარდსასქესო სისტემის ანთება. მამაკაცებსაც ვურჩევთ, ძლიერ ყინვაში შარვლის ქვეშ თბილი საცვალი ატარონ.
ხელები. ხელების ჰიპოთერმია შეიძლება პოლიართრიტით (სახსრების ანთებით) გართულდეს. ხოლო თუ თერმომეტრი მინუს ათ გრადუსამდე დაეცა, გარეთ გასვლამდე ხელებში დამცავი კრემი შეიზილეთ. თუ სპეციალური კრემი არ გაქვთ, ნებისმიერი ცხიმოვანი კრემი გამოდგება.
ფეხები. სიცივეში სისხლის მიმოქცევა ნელდება და ხშირად სწორედ ფეხები იყინება პირველი, რადგან სისხლს უბრალოდ დრო არ აქვს მათი გასათბობად.
ფეხების ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, სინუსიტის გამწვავება, ბრონქიტი და მიოკარდიტი. ზამთრის ტურისტები ამბობენ, რომ ახლად გარეცხილი წინდები ყველაზე კარგად ათბობს ფეხებს. ნახმარი წინდები თურმე კარგავს ამ შესანიშნავ თვისებას. რა თქმა უნდა, საიმედოდ დაგიცავთ მაღალი ხარისხის ზამთრის ფეხსაცმელი. თუ ძალიან თბილი ჩექმა აქ გაქვთ, ფეხსაცმელში წყვილი ნატურალური მასალის, თბილი საფენები ჩააფინეთ.