კეტოზი მეტაბოლური პროცესია.
როდესაც ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი გლუკოზა ენერგიისათვის, იწყება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების წვა, რის შედეგადაც ორგანიზმში წარმოიქმნება მჟავები კეტონები. ორგანიზმში კეტონების მაღალი კონცენტრაციის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს კეტოაციდოზი, რაც საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. კეტოზი შეიძლება შეგვხვდეს დიაბეტით დაავადებულ პირებში.
კეტოზის პროცესის მექნიზმს ეფუძნება კეტო დიეტა, რომელიც ითვალისწინებს კარბოჰიდრატების მიღების შემცირებას და მიზნად ისახავს არასასურველი ცხიმების წვის პროცესის გააქტიურებას, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს.
კეტო დიეტა ჩვეულებრივ მაღალი ცხიმიანობის პროდუქტებისგან შედგება. კალორიების, დაახლოებით, 20%-ის მიღება ხდება პროტეინებისგან, 10%-ის კარბოჰიდრატებისგან, ხოლო 70%-ის ცხიმისგან.
არის თუ არა კეტოდიეტა სასარგებლო?
მიჩნეულია, რომ კეტოდიეტას შეუძლია შეამციროს:
კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების რისკი;
დიაბეტის განვითარების რისკი;
მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი
ასევე, კეტო დიეტა ზრდის კარგი ქოლესტერინის დონეს.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კეტოდიეტის დაცვა დიდი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
კეტოგენური დიეტისას და დიაბეტით დაავადებულ პირებში აუცილებელია კეტონების დონის მონიტორინგი, ვინაიდან, მათმა ჭარბმა დაგროვებამ შესაძლოა კეტოაციდოზი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
კეტოაციდოზის სიმპტომები შესაძლოა იყოს:
ტკივილი მუცლის არეში;
კონცენტრაციის გაძნელება;
წყურვილის შეგრძნების გაძლიერება და პირის სიმშრალე;
ხშირი შარდვა;
კანის გამოშრობა;
გულისრევა, ღებინება;
ხშირი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება