ბავშვების დიდ ნაწილს არ უყვარს კლასის წინაშე გამოსვლა და საკუთარი მოსაზრების გაზიარება. ამას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის მასწავლებლის შიში, რომელიც საკითხის არასწორად გააზრების შემთხვევაში უსაყვედურებს. სინამდვილეში კი, ესეც ერთგვარი გამოხმაურებაა, რომელსაც პედაგოგის მხრიდან წახალისების შემთხვევაში დადებითი შედეგი მოჰყვება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გზა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის საუკეთესო კავშირის დასამყარებლად:
1. კომპლიმენტები
გასაკვირი არაა, რომ მოსწავლეს ექნება სწორი და არასწორი პასუხები, რომლებიც უნდა შევუსწოროთ მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს მის სწორ გააზრებაზე და ყოველ ჯერზე წახალისდეს ის. პედაგოგისთვის შესაძლოა, შექება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს მოსწავლეს უზრდის მოტივაციას და გაკვეთილზე მეტი ჩართულობის სურვილსაც უჩენს.
2. უკუკავშირის დროული შეფასება
თუ მოსწავლის ჩართულობა უყურადღებოდ დაგვრჩა, ის გაკვეთილზე თავს უმნიშვნელოდ ჩათვლის და მეორედ აღარ გაუჩნდება საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი. ასე რომ, პედაგოგმა არ უნდა გაუშვას მოსწავლის აქტიურობის შემჩნევისა და დაფასების შანსი.
3. ინდივიდუალორობა სტუდენტებთან
საკლასო ოთახები სავსეა სხვადასხვანაირი ბავშვებით. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ მათგანს. ზოგიერთს სჭირდება „ბიძგი“, რათა გაკვეთილზე არ მოდუნდეს, ზოგთან სიმკაცრის და ზოგთან ლმობიერების გამოჩენაა საჭირო. ასე რომ, ყველასთან ერთნაირი მიდგომით, მასწავლებელი ვერას გახდება.
4. 4 შეკითხვა
კვლევამ ეფექტური სწავლა/სწავლების შესახებ (Dinham, 2002, 2007a; 2007b) აჩვენა, რომ მოსწავლეს უნდა იცოდეს, რა დონეზეა კონკრეტულ საკითხებში. ეს მნიშვნელოვანია მათი მშობლებისთვისაც. ამის საფუძველზე თითოეული მათგანისთვის შემუშავებულია 4 კითხვა:
რა შეუძლია (იცის) მოსწავლეს?
რა არ შეუძლია მოსწავლეს?
სხვებთან შედარებით, როგორი შედეგი აქვს?
რა უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ?
5. ინდივიდუალური შეხვედრები
მოსწავლესთან პირისპირ შეხვედრა მისი გაცნობისა და მისი აზრების გაგების საუკეთესო გზაა,რითაც უკუკავშირის დამყარება ძალიან მარტივდება. მოსწავლის მიმართ ასეთი ყურადღების გამოჩენის შემდეგ მას პედაგოგისადმი მეტი პატივისცემა და მორიდება უჩნდებოდა. პირველი შეხვედრის შემდეგ ის მოუთმენლად დაელოდება მეორე შეხვედრას და თქვენ წარმოიდგინეთ, კითხვა-პასუხისთვის მომზადებულიც მოვა.
6. კავშირი შესაძლოა სიტყვიერად, არავერბალურად და წერითი ფორმით
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს პედაგოგის სახის გამომეტყველება – როგორ იცვლება ის სწორიდან არასწორ პასუხამდე და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მათი პასუხები.
7. საკითხზე ორიენტირებულობა
სწავლების დროს ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ ერთ ნაწილზე. მაგალითად, როცა კლასში ხსნით აბზაცის მნიშვნელობას, იმ დღეს მოსწავლეებს ნუ შეუსწორებთ წერტილ-მძიმეს ან სტილისტიკას. ეცადეთ, ორიენტირებულნი იყოთ მხოლოდ აბზაცის სწორად დაცვაზე, რადგან როცა ბავშვი შეხედავს, რომ ბევრ შეცდომას უშვებს შეიძლება, ხელი ჩაიქნიოს და ჩათვალოს, რომ ამდენ რამეს ვერასდროს გამოასწორებს.
8. უკუკავშირი ერთმანეთთან
გაკვეთილზე ჩართლობა გულისხმობს არამხოლოდ მასწავლებელთან, არამედ ერთმანეთთან კავშირის დამყარებასაც. მიეცით მოსწავლეებს საშუალება რომ მოუწონონ ერთმანეთს საშინაო დავალება ან სწორი პასუხი და თავადაც წაახალისონ კლასელები.
9. შეაქონ სხვებმა
დირექტორს ან სხვა „მოწვეულ“ პედაგოგს წაუკითხეთ თქვენი მოსწავლის საშინაო დავალება ან გააცანით ტესტირების მაღალი შედეგი. თუ ის საჯაროდ შეაქებს მას, დარწმუნებული იყავით, რომ მოტივაცია 10-ჯერ გაეზრდება.
10. სამართლიანი შექება
მართალია, წახალისება კარგია,მაგრამ თუ მოსწავლეს ხშირად ასხამთ ხოტბას, დროთა განმავლობაში სიტყვები აზრს დაკარგავს და მისთვის თქვენი „ყოჩაღები“ ჩვეულებრივობა გახდება. წაახალისეთ ხშირად, მაგრამ შეაქეთ მხოლოდ მაშინ, როცა იმსახურებს.
11. „მე შევამჩნიე…“
შესაძლოა, მოსწავლეებით გადატვრითულ კლასში, რთულია ყველას და ყველაფრის შემჩნევა, მაგრამ მოსწავლეებს მაინც უნდა დააჯეროთ, რომ ყველაფერს ამჩნევთ და როცა დრო და საჭიროება მოითხოვს, მათ გამოიყენებთ. ასე მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ მათი არცერთი სიტყვა არ ჩაივლის უკვალოდ.
12. მიმართეთ სახელით
საკუთარი სახელი ყველასთვის მნიშვნელოვანია. თუ საუბრის დროს მათ სახელს გამოიყენებთ ან დაიმოწმებთ (ასე არ არის, ანა?) ის თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს და უფრო ყურადღებით იქნება, შესაძლოა მოგვიანებით საკუთარი პოზიციაც გამოთქვას.
13. ჩაინიშნეთ გამოხმაურებები
აიღეთ დღიური და გაკვეთილის ბოლოს მათი თანდასწრებით კომენტარების სახით ჩაწერეთ რომელმა მოსწავლემ გიპასუხათ სწორად, ვინ დაგისვათ საინტერსო შეკითხვები და ა.შ. ყველაფერი, რაც მათ ჩართულობას ეხება.
14. აჩვენეთ, რას ითხოვთ
გააგებინეთ მოსწავლეს, რას ითხოვთ მისგან, საჯაროდ წარადგინეთ საუკეთესოდ შესრულებული ტესტი ან თემა. იცოდნენ, როგორი ნამუშევარი მოგწონთ და რაზე ამახვილებთ ყურადღებას.
15. შეაფასებინეთ თქვენი მუშაობა
მოსწავლეებისთვის არაფერი იქნება იმაზე სახალისო, ვიდრე პედაგოგების შეფასება, მაგრამ სთხოვეთ მათ იყვნენ სამართლიანები, რადგან მათი აზრი მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინებთ მას. ასევე, წერილები, რომლებსაც დააწერინებთ, აუცილებლად ანონიმური უნდა იყოს.
წყარო: teachthought.com
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა