კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !
„ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“
კახეთში გაზრდილი ადამიანისთვის აქაურობა სიყვარულზე მეტია… ეს თვით ცხოვრებაა მრავალი ფერით, ფორმით და სურნელით. მაგრამ ალბათ მაინც იფიქრებთ, სიყვარულზე მეტი რაღა უნდა იყოსო.
ეს დალოცვილი მხარე ჩემებურად რომ მიყვარს ამას ახლავე ავხსნი. როგორ? აი ისე მიყვარს, შემიძლია ბევრი ლექსი დავუწერო, შეგრძნებებად დავყო, ჩემებურად დავხატო და თქვენც შეგაყვაროთ.
მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება, წონასწორობა და სითბოს შეგრძნება ის 7 მთავარი შეგრძნებაა, რომელიც ადამიანს გამოარჩევს სხვა არსებებისგან და რომლის გარეშეც ადამიანი ის არ იქნებოდა ვინც დღეს არის. მეც ამ შეგრძნებებით შესისხლხორცებულ კახეთს გაგაცნობთ. მაშ ასე, ვიწყებ! 7 მიზეზი – ერთად განცდილი დიდი სიყვარულის თაიგული.
ვხედავ და მიყვარს
მიყვარს, მიყვარს და მიყვარს გაზაფხულზე ზურმუხტისფრად ათქვირებული ყანები, ვაზის თოთო ფოთლების ხალასი სიმწვანე, ტყეებში ალაგალაგ ამოსული ტყემლის თეთრად გადაპენტილი ხეები, მსხლების ვარდისფრად დამსკდარი ლოყები. მახარებს სოფლის ჟრიამულა გოგო-ბიჭების შვიდკრამიტობანას თამაშის ყურება; მელამაზება ბაღიდან ახლადგამოტანილი ვეებერთელა საზამთროს წითელი გული, სიმძიმისგან თავდახრილი მზესუმზირის გადაყვითლებული ველები, გლეხის ქალივით თმაგაშლილი სიმინდის ტაროები, სექტემბრის ჩუმი სიცხისგან დაბრაწული რქაწითელის ქარვის ფერი, სიცივისგან გალურჯებული კავკასიონის თეთრი ფაფახი; მაოცებს, დაისის მზის ცეცხლისფერ სხივებში გახვეული გრემის მთავარანგელოზი, ლაგოდეხის შავი კლდეების ტბის გველივით დაკლაკნილი ბალახის კუნძულები, ელიას მთისა და მლაშე ტბის მიჯნურობის სურათი, კვეტერას ლურჯი კრამიტის სახურავი, დავით გარეჯის შემოდგომისეული ღვინისფერი ბუჩქები, ახლადდათოვლილი თელავის მოხუცი ჭადრის კვლავაც ამაყად დგომა, აბანოს უღელტეხილზე ჯანღაყრილი მთების პეიზაჟი, სიღნაღიდან გადაშლილი ალაზნის ველი, ნიკალას ფერად ნახატებში დანახული სიალალე და უბრალოება..
მესმის და მიყვარს
მიყვარს კვირა დილის წირვაზე ალავერდის ტაძარში მგალობელთა საოცარი ხმები, ადრიან გაზაფხულზე პირველი გამაყრუებელი ქუხილი და ხოშკაკალების რაკარუკი, ახალდაფრთიანებული მერცხლების ბარტყული ჭიკჭიკი, ქილაკუპრას ვულკანების მშვიდი ბუყბუყი და თუშეთის იალაღებზე ფაფარაყრილი ცხენების ჭიხვინი; მახარებს შირაქის ზამთრის საძოვარზე მიმავალი ბატკნების კიკინი, ჩითისკაბიანი გოგოებისა და ახალუხიანი ბიჭების „ცანგალა და გოგონას“ ხალასი მღერა, მარიამ ბებიას დაძახილი „მოდი ჭამე“, დედის ტკბილი იავნანა; მენატრება ზამთრის ცივ საღამოს ღუმელში ატეხილი შეშის ტკაცა-ტკუცი და ძილის წინ პაპას გამოგონილი ზღაპრების მოსმენა ქორქათამასა და კატაკურდღელზე; კიდევ, ახალდაწურული მაჭრის ქვევრებში ჩუმი ბუბუნი, თითქოს დევები წინწყაროსა მღერიანო; მარანში ღვინის დასარევად შესული ოდნავ შეზარხოშებული მიტო ძიას ღიღინი; ახალგამოხდილი ჭაჭის პირველი წვეთების წკაპუნი; თავშეუკავებელი კახური შაირობა- „ჰაი, დელია, დელია, განა შაირი ძნელია“; თამადის ლექსად თქმული კახეთის ჯიგრიანი სადღეგრძელო; გონაშვილის ცრემლებამდე მიმყვანი „თუ ასე ტურფა იყავი“, შობაზე მეალილოების მონამღერი „აგაშენოოთ“, ახალი წლის დილას, კარზე მომდგარი მეკვლეს ომახიანი „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“… აბა როგორ არ მიყვარდეს ჩემი მრავალხმიანი კახეთი!
გემრიელია და მიყვარს
მიყვარს თამარა ბებო ცხელ შოთის პურს, მარილის გემო არშიასავით რომ დაყვება, კნაწუნა წვერს რომ წაატეხავს და ახლად ამოყვანილ ყველთან ერთად წასახემსებელად მიართმევს მოშიებულ გამვლელს; მიყვარს შეწითლებული მაისის ბლის წყალნარევი სიტკბოება, ბავშვობას რომ მახსენებს, კიდევ ტყის მარწყვის არომატული გემო და რთველში ბავშვის ხელით მოწყვეტილი რქაწითელის მზეჩაღვრილი მარცვლების სიტკბო; გონებას მირევს მაჭრის დამათრობელი სილაღე; ხასიათზე მაყენებს ღვინის და მწვადის შეხმატკბილებული სიგემე; მეგემრიელება ბებიის ხელით ამოვლებული ჩურჩხელა და ქვაბის მონაფხეკი თათარის ყელისჩამწველი სიტკბო; მახსოვს შეშის ღუმელში შემწვარი გოგრის სიამე და თონეში გამომცხვარი კახური ნაზუქების ხრაშუნა სიტკბოება; მადას მიღვიძებს გომბორის ღანძილის ქინძთან შეხმატკბილებული სიგემრიელე, თუშური კოტორის და ხავიწის მჯობზე მჯობის შეჯიბრი, ქისტური ჭააბილგის ხაჭოსა და ცომის მადისაღძვრელი საამურობა, კაჭრეთული ყველის და პურის ნაღდი კახური დუეტი; მახალისებს ბარჯისხევის ბაზრობაზე გამოფენილი ხილის ტყლაპების ფერადი არომატი; მიყვარს გუდიდან ამოღებული თუშური ყველის გემრიელი სიმლაშე, ახალდაკრეფილი ალუჩის საწებელის სასიამოვნო სიმჟავე, ქიზიყელი ბებიის მომზადებული შინდის შეჭამანდის სიმწკლარტე, თაფლში და ერბოში ამოზელილი ქუმელის ჯანშიწამსვლელი ნოყიერება…
განუმეორებელი სურნელი აქვს და მიყვარს
მიყვარს, გაზაფხულზე პირველად მოსული წვიმის შემდეგ დატრიალებული მიწის სულისშემხუთველი ოხშივარი, ბებიას სახლში მეორე სართულზე დიდ მაგიდაზე გაფენილი კომშის, ვაშლის, კუნელისა და ასკილის შეხმატკბილებული სურნელი, სოფლურ მარანში ფარდად ჩამოკიდული ყურძნის ჯაგნების ტკბილი ძახილი; მაამებს ქვევრის ახდისას ამოვარდნილი დატყვევებული ღვინის ვნებამორეული არომატი, მწვადის შეწვისას უბანს მოდებული წალმის განუმეორებელი ბოლსურნელი, კიტრისა და პომიდვრის ხახვ-რეჰან ჩაჭრილი, კახური ზეთით შენელებული სურნელების აურზაური; მაოცებს სოფლის ეზოში ეულად მდგარი თეთრი ვარდების დამათრობელი მორევი; მათრობს ძველი შუამთის ტაძარში დანთებული თაფლის სანთლების ტკბილი ნელსურნელება, დართლოს გორაკებზე მოკრეფილი ბექქონდარას ჩაის სურნელი და ახალმოხარშული ტყის მოცხარის მურაბის არომატი.
ვეხები და მიყვარს
მიყვარს ალიონზე ბალახზე ფეხშიშველი სიარულისგან მონიჭებული სასიამოვნო ჟრუანტელი; კიდევ, ახლადდაკრეფილი ბოსტნეულის ცვრიანი კანი, რომ გეძახის მოდი, პატარძალო, დამკრიფეო. მეამება საკუთარი ხელით ქვის წისქვილში დაფქული ხორბლის სიმსუბუქის შეგრძნება, კახური ნაზუქის ცომის ამოფუება და ნაზად ისევ უკან ჩაზელვა; მახარებს თონეში შოთის პურის საკუთარი ხელით ჩაკვრა, სამურაბე ხილის ფერება და კოკლოზინა დესერტად ქცევა; მართობს საქიშმიშე ყურძნისთვის რბილი მარცვლების გადარჩევა, წენგოდამსკდარი კაკლების მტვრევა, ჩურჩხელების მძივებად ასხმა, მზეზე კერკად გამხმარი ალუბლების ნაჭრის პარკებში ჩაყრა და მარანში ქვევრების თავზე დაკიდება; მახარებს რთველში ვაზთან ფერხულის ცეკვა და საკუთარი შრომით მოყვანილი მტევნების ფერება; მომწონს კრაზანას ძირებით ქვევრის რეცხვით განცდილი სისუფთავის შეგრძნება, სამკალად გამზადებულ ყანაში დამწიფებული ხორბლის თავთავის მუჭში მოფშვნეტა, ყორუღის აღკვეთილში დაკრეფილი ტყემლისა და ქართული კოწახურის მარცვლების სირბილის შეგრძნება. მეამაყება უძველესი ტაძრის დაბერებული ქვებთან ხელით შეხება, ჭირვარამგადატანილ წარსულის რომ მახსენებს.
ბალანსს ვპოულობ და მიყვარს
მიყვარს კახეთში განცდილი მოგონებების ცხოვრების ყოველდღიურობაში განზავება; მახსენდება ბუხრისთვის ხმელი ტოტების მოსაგროვებლად წასული ბავშვები ხევში ნაკადულზე ფეხის დასველების გარეშე გადახტომას რომ ვახერხებდით და ყოჩივარდებით გადაპენტილ მინდორზე, ნაბიჯებს ფრთხილად რომ ვადგამდით, პაწაწინა ყვავილები რომ არ გაგვეთელა; მაოცებს ალაზნის ველის სუნთქვისშემკვრელი ხედის მოლოდინში გრემის სამეფო სასახლის ვიწრო კიბეების ფრთხილად ავლა; კიდევ მინდა ციგით სოფლის ყველაზე ციცაბო კლდისპირა გორაკზე გიჟური დაცურება და ალვნების ცხრაკარას ციხის კარებებში ხტომა; მაკვირვებს გურჯაანის ორგუმბათოვანი ყველაწმინდის გამაწონასწორებელი ბალანსი; მიყვარს შირაქში ცხვრის გადარეკვისას ცხენზე გადადებულ ხურჯინის ორივე თვალში ახალდაბადებული ბატკნები რომ სხედან და ერთმანეთს აბალანსებენ; მახარებს თივის ზვინის დასადგმელად წასული პაპისა და შვილიშვილის შეხმატკბილებული მუშაობა, ქვევრის რქაწითელით დამთვრალი კახელი მოქეიფეების სუფრის ღირსეულად დასრულება. მახალისებს ინგილო ქალის ქლიავის ხეზე ყოჩაღად ჯდომა და მეფე ერეკლესთან გაბმული მეგობრობის საოცარი ამბავი; მაოცებს ბლის ხეზე აპარული ბავშვების ქართან ერთად შრიალი, სამუხის ველზე დაბრუნებული ქურციკების მიერ აღდგენილი ისტორია; მატკბობს გარმონისა და თუში ქალის ხმათა შეწყობილი ბალანსი;
მათბობს და მიყვარს
მიყვარს, გაზაფხულის პირველი მზიანი დღის კლასელებან ერთად სკოლის უკანა ეზოში ყველაზე თბილ კედელთან გატარება, პურის ჩაკვრისას თონიდან ამოსული სიმხურვალის განცდა, ჭიაკოკონობის კოცონზე ხტომისგან გახურებული ლოყები, ცივ ალაზანში ბანაობისას შეცივებული ბალღების მზეზე გახუხვა, იყალთოს აკადემიის გვირაბში შეძრომისას სულისშემხუდავი სიცხის და სინესტის განცდა; მახარებს ოქტომბრის თვეში მზისგან გამთბარი მანავის გორისა და ეკლესიის მიჯნურობა, მარიამჯვრის ხელუხლებელი ფიჭვნარის შუაგულში ჩაგუბებული სიმხურვალე, ციყვების ოჯახებს საცხოვრბელ პირობებს რომ უქმნის; მიყვარს ახტალას ვულკანური ტალახის მაკურნებელი სიცხე, სიცივისგან გათოშილი ხელების შეშის ღუმელთან მიფიცხება, მრავალჟამიერის მოსმენისას სხეულში ჩაღვრილი სასიამოვნო სითბო, ბაზარში გლეხის ალალი ქცევით განცდილი სითბოსიამე; გულს მითბობს კახელი გოგო-ბიჭების ანთებული თვალები და ერთმანეთისთვის გაწვდილი ხელები, დედა-შვილის თბილზე თბილი ჩახუტება და სოფელ-სოფელ მონაყოლი დაუჯერებელი სიყვარულის ამბები…
აი, მეგობრებო, ასეთია ერთ ამოსუნთქვაში განცდილი და ერთ ცხოვრებაში ვერჩატეული ჩემი კახეთი.
თქვენ გაგიმარჯოთ!
სიყვარულით,
თუთა ბადაგაძე