საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრთა გადანაწილების შესახებ დაწესებული შეზღუდვა, საერთაშორისო რეკომენდაცია იყო, რომლის მიზანს დახურულ სივრცეში ვირუსის გავრცელების რისკის შემცირება წარმოადგენდა.
მთავრობამ პარლამენტს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომელშიც წერია, რომ საქართველოში ამ შეზღუდვის დაწესება პირველ რიგში მიზნად ისახავდა მობილობის შემცირებას, ვინაიდან შეზღუდვა ოჯახებისთვის ტრანსპორტით არამიზნობრივი გადაადგილების ერთგვარ შემაკავებელ გარემოებად იქცა.
„ამავდროულად, შეზღუდვის მიზანი არაოჯახის წევრ მძღოლსა და მგზავრს შორის დისტანციის დაცვა იყო, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში”, – ნათქვამია ანგარიშში.
მათივე განმარტებით, ავტომობილით გადაადგილებისას გარკვეული შეზღუდვების (მაგ.: მგზავრთა რაოდენობა, წინა სავარძელზე დაჯდომის აკრძალვა და სხვ.) დაწესების პრაქტიკას მიმართეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ესპანეთმა, კანადამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
ხოლო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პირადი ავტომანქანით გადაადგილებისას შეზღუდული იყო მგზავრთა რაოდენობა, კერძოდ, ავტომობილით დაიშვებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის გადაადგილება.
ზოგიერთ ქვეყანაში კი აღნიშნული შეზღუდვა უფრო მკაცრი იყო. მაგალითად, პოლონეთსა და ისრაელში საჯარო სივრცეში არ შეიძლებოდა 2-ზე მეტი პირის შეკრება. შესაბამისად, ისრაელში მსუბუქი ავტომანქანით 2 ადამიანზე მეტის მგზავრობა აკრძალული იყო.