Home დღის ამბები განათლება რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც...

რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში “დედა ენა” 33-ჯერ გა­მო­ი­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 25-ჯერ. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე “დედა ენა“ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ბა­და­ლი უწო­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ხალ­ხი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი გახ­და. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი ათი ათა­სო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25 ათა­სი “დედა ენა” და 5-6 ათა­სი “ბუ­ნე­ბის კარი” იყი­დე­ბო­და. ხოლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს­თვის, მა­სობ­რი­ვი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის “დედა ენი­სა” და “ბუ­ნე­ბის კა­რის” აღ­დგე­ნი­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

გო­რის, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­სა, აქვე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს­მა­ინც სა­ზო­გა­დებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის ია­კო­ბი კი­ევ­ში ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­და, ექი­მე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სზე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს მისი და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი იყო, რად­გან ია­კო­ბის მშობ­ლებ­სა და და-ძმა­საც სუს­ტი ფილ­ტვე­ბი ჰქონ­დათ.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, რო­მე­ლებ­მაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სა­სი­კე­თო კვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი ასეთ მოღ­ვა­წედ ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც. მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. ამა­ვე დროს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხოს­კო­ლე­ბის შექ­მნა-დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­მა: “ქარ­თუ­ლი ენის ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, “ბუ­ნე­ბის კარი“, “დედა ენა“, “რუს­კოე სლო­ვო“, დიდი როლი ითა­მა­შეს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ იშუ­რებ­და სახ­სრებს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის; იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს, ცალ­კე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, პო­ე­ტებს, მწერ­ლებს. ბევ­რმა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სტი­პენ­დია მი­ი­ღო, მათ შო­რის იყ­ვნენ შემ­დგომ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფულს რუ­სეთ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოს­წავ­ლე ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, სა­ბავ­შვო ჟურ­ნალების გამოცემაში, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანაში, ბიბლიოთეკების დაარსებაში და ა.შ.

სიკვდილის წინ იაკობ გოგებაშვილმა მთელი თავისი ქონება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა. იაკობის თანამედროვეთა თქმით, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი ოჯახი იყო. იაკობმა 300 თუმანი თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად გადადო. დანარჩენი ქონება კი ასე გაყო:

იაკობის გაყიდული წიგნებიდან უნდა გადადებულიყო არანაკლებ ერთი კაპიკისა განათლების ფონდის დასაარსებლად. ამ ფონდიდან უნდა დაენიშნათ სტიპენდიები სახალხო მასწავლებლების, გლეხებისა და მუშების შვილებისთვის.

სალიტერატურო ფონდს უნდა მოხმარებოდა, აგრეთვე იაკობის ვერაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვით მიღებული თანხაც. მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი წიგნების ასოთამწყობი ლადო კალანდაძე, წიგნის მაღაზიის გამგე ივანე ავალიშვილი და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბუღალტერი ვასო ელიაშვილი, რომელთაც ანდერძით ას-ასი მანეთი დაუტოვა…

იაკობს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. ანდერძში გადანახული ფული გაუნაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი კი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც შემდეგში სკოლა გაიხსნა.

“ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო“. – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

ახალგაზრდობაში ჭლექით დაავადებული შემდეგში ხშირად ავადმყოფობდა, ზოგჯერ რამდენიმე კვირას ატარებდა ლოგინში, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სტამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა.

არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ იაკობს დარია მამაცაშვილი უყვარდა და ისიც იმავე გრძნობით პასუხობდა, თუმცა ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია _ არ სურდა შთამომავლობისთვის გადაედო ეს მძიმე სენი. ამბობდნენ იმასაც, რომ იაკობისგან მისმა მოახლემ გოგონა გააჩინა, თუმცა, არც ეს დასტურდება, არც რამე სახის პირადი მიმოწერას მოუღწევია ჩვენამდე და არც რამე საბუთს, ასე რომ ეს მხოლოდ მოარული ჭორია.

მართალია იაკობს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, მაგრამ ის მაინც თავაუღებლად მუშაობდა. უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. გაურბოდა ღამით წერას, გვიან იშვიათად წერდა, რადგან ღამისთევა და უძილობა მის ორგანიზმს თენთავდა. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. წერა განსაკუთრებით დილის საათებში უყვარდა.

წერით რომ გულს იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა. ერთხელ “დაკანონებული“ რეჟიმი დაურღვევია. ანდრია სრისელის ვაჟი იხსენებს: “ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – “ქეთოს იტაცებენ“, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შუაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო. იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: “ქეთოს იტაცებენ“ და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას. იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა-დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე “იავნანა“ ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა. მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა. ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა: მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგე ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო. ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: “იავნანამ რა ჰქმნა?!“. – ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის.

…1912 წლის გაზაფხულზე იაკობ გოგებაშვილი ავადმყოფობდა. ექიმები ხშირად მიდიოდნენ, ახლობლები არ ტოვებდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ჯერ დიდუბეში დაკრძალეს, 1940 წელს კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. დაკრძალვის შემდეგ, მის ნათესავები და მეგობარები იაკობის სახლში მივიდნენ. როგორც იაკობ გოგებაშვილის ძმიშვილი შალვა გოგებაშვილი იგონებდა, კუთხეში იდგა ცრემლმორეული პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძე. როდესაც მას ჰკითხეს, შენ რას წაიღებ სამახსოვროდო, ის შეირხა, თვალი მიაშტერა კუთხეში მიგდებულ ჯოხს და წყნარად სთქვა: აგერ ეს ჯოხი მომეცით…