Home მსოფლიო რას ნიშნავს “შავი პარასკევი”?

რას ნიშნავს “შავი პარასკევი”?

“შავი პარასკევი” – დღე, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით მყიდველებს შეუძლიათ მაღაზიებში და ონლაინ თითქმის ყველა პროდუქტი საუკეთესო შეთავაზებებით შეიძინონ. არსებობს მითი, რომ ამერიკული მადლიერების მომდევნო დღეს ჰქვია “შავი პარასკევი”, რადგან როგორც წესი, ამ დღეს მაღაზიები ზარალით ასრულებენ – პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია, ფასი კი – უჩვეულოდ დაბალი და, ძირითადად, სხვადასხვა დასახელების პროდუქციის მარაგის ამოწურვაც სწორედ “შავ პარასკევს” ხდება ხოლმე. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ შინაარსობრივად ეს მართლაც ასე გამოდის, ტერმინის წარმოშობის ისტორია სხვაგვარია.

ტერმინი “შავი პარასკევი” პირველად 1869 წელს გამოიყენეს, როდესაც ორმა ინვესტორმა, ჯეი გულდმა და ჯიმ ფისკმა, ოქროს ფასის გაზრდის გამო, ბაზრის კრახი გამოიწვია. შედეგად, საფონდო ბაზარი 20%-ით დაეცა, საგარეო ვაჭრობა შეჩერდა და ფერმერები სიმინდისა და ხორბლის ფასის უზარმაზარი ვარდნის მომსწრენი გახდნენ.

მოგვიანებით, ფილადელფიაში, 1950-იანი წლების ბოლოს, ტერმინი აღდგა და ის “მადლიერების” და “არმია-საზღვაო ძალების თამაშს” შორის დღეების აღსანიშნად გამოიყენებოდა. ღონისძიება განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით ტურისტებს და მყიდველების იზიდავდა, რაც სამართალდამცავების მიერ მომხმარებლების მაღალი კონცენტრაციის განეიტრალებისთვის დამატებით სამუშაო საათებს მოითხოვდა.

“შავი პარასკევი” შოპინგის სინონიმი მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს გახდა. ამ ტერმინით საცალო მოვაჭრეები ასახავდნენ ისტორიას, თუ როგორ იყენებდნენ ბუღალტრები სხვადასხვა ფერის მელანს: წითელს – უარყოფითი, ხოლო შავს – დადებითი შემოსავლისთვის – კომპანიების მომგებიანობის აღსანიშნად. სწორედ ამიტომ, “შავი პარასკევი” გახდა დღე, როცა მაღაზიებმა საბოლოოდ მოგება მიიღეს.

ამის შემდეგ, სახელი შემორჩა და “შავი პარასკევი” სეზონურ მოვლენად გადაიქცა, რაც მოგვიანებით სავაჭრო დღესასწაულადაც იქცა და მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლა: დროთა განმავლობაში ის ფასდაკლებების კვირეული გახდა, რომელიც საბოლოოდ ე.წ. კიბერ ორშაბათით სრულდება, რა დროსაც კომპანიები მომხმარებლებს განსაკუთრებულად დაბალი ფასებით შოპინგს ონლაინ სთავაზობენ.

წელს მსოფლიოში “შავი პარასკევი” 25 ნოემბერს; ხოლო ონლაინ შოპინგის დღესასწაული – კიბერ ორშაბათი 28 ნოემბერს აღინიშნება. ბოლო წლებში ორი სავაჭრო ღონისძიება სიახლოვის გამო ერთმანეთის სინონიმი გახდა.