Home დღის ამბები რას იწვევს ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები

რას იწვევს ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო   ფერმერებს მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს : სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალულია ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და, სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკას ფერმერები კვლავ იყენებენ. გარდა იმისა, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას.

ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.