გასული თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 234.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9 მილიონი ლარით ანუ 14.6%-ით შემცირდა.
შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული თანხის კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს კლება გაცემული ხელფასების თითქმის 200 მილიონი ლარით შემცირებაზე მეტყველებს.
საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ქვეყანაში 20%-ია და მას ძირითადად კონტრაქტით დასაქმებული პირები იხდიან. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსთა სამინისტროს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 90 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად, მათ ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავსუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.
საშემოსავლო გადასახადის მსგავსად შემცირებულია შემოსავალი დღგ-დან და მოგების გადასახადებიდან.
გასული თვის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების მიერ დეკლარირებული დღგ-ის მოცულობა სულ 196.3 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წლის მაისში გადახდილ დღგ-სთან შედარებით 118.2 მილიონი ლარით, ანუ 37%-ით ნაკლებია.
მოგების გადასახადის მოცულობამ კი, მაისში 43.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 28.2 მილიონი ლარით, ანუ 39%-ით ნაკლებია.