ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ადამიანის კვება და მისი მეხსიერებისა და შემეცნების უნარი. ასევე მარი მალაზონია ასახელებს კონკრეტულ პროდუქტებს, რომლებიც გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში გვეხმარება:
– მინდა, გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელმაც პროფესიულ საზოგადოებაში საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოიპოვა. ინფორმაცია უკავშირდება კვლევას, რომელიც რაშის სამედიცინო კოლეჯის ჯგუფმა ჩაატარა. მას ძალიან ცნობილი ექიმი, გასტროენტეროლოგიის სპეციალისტი და ნუტრიციოლოგი უძღვებოდა. იგი წლების განმავლობაში ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობას სწავლობდა. განსაკუთრებით კი ინტერესდებოდა, რამდენად აისახება ადამიანების მიერ არჩეული საკვები პროდუქტები, მათ კოგნიტურ უნარ-ჩვევებზე, შემეცნების უნარსა და მეხსიერებაზე. მოგეხსენებათ, მეხსიერება სხვადასხვაგვარია და კვლევით მისი ყველა წახნაგი შეისწავლეს. კვლევა ხანგრძლივად მიმდინარეობდა და მასში დაახლოებით, 1000-მდე პირი იყო ჩართული. ზოგიერთი 7, ზოგი 14 წელიც კი მონაწილეობდა. მას თომას ჰოლანდი ხელმძღვანელობდა და 58-დან 100 წლამდე ადამიანების შემთხვევას სწავლობდა. საკვლევი ჯგუფის საშუალო ასაკი 81 წელი იყო. როდესაც შეაფასეს, კვლევამ რა შედეგები მოიტანა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის კავშირი, რაც ადამიანების შემეცნების უნარსა და კვებას შორისაა. თომას ჰოლანდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სწორად შერჩეულმა საკვებმა პროდუქტებმა, კონკრეტული ჯგუფების გამოყენებამ ადამიანთა შემეცნების უნარი, მეხსიერებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები 32%-ით გააუმჯობესა იმ პირებთან შედარებით, ვისაც ასეთი პროდუქტები კვების რაციონში არ ჰქონდათ, ან მინიმალური რაოდენობით ჰქონდათ.
ჰოლანდი ე.წ. ფლავონოიდების დიდ ჯგუფს გულისხმობდა. ამ ნივთიერებების აღმოჩენა შეიძლება ვაშლში, პომიდორში, მწვანეფოთლოვან მცენარეებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ისპანახში. ასევე, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ბროკოლში, გარკვეული რაოდენობით კომბოსტოში, კიდევ უფრო მეტია წითელ კომბოსტოში. მნიშვნელოვანია მათი რაოდენობა სხვადასხვა სახის ციტრუსში და კენკროვან მცენარეებში, განსაკუთრებით კი ლურჯ მოცვში. საყურადღებოა მათი არსებობა ზოგიერთ პარკოსანში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ლობიოს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი შემცველობა სოიოში. ისეთი პროდუქტები, რომლებიც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებითაა გამორჩეული და ხშირად განვიხილავთ ხოლმე როგორც ანთების, დაბერების, ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგო უნარების მქონედ, ჩემ მიერ დასახელებულ ნივთიერებებსაც შეიცავენ. მაგალითად, ხახვი, ჩაის სხვადასხვა სახეობა, შავი შოკოლადი. ეს ნივთიერებები გარკვეული რაოდენობითაა წითელ ღვინოში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც წითელი ღვინო ავირჩიოთ ჩვენი შემეცნებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების უნივერსალურ წყაროდ. ჩემ მიერ დასახელებული პროდუქტებიდან, ლიდერი, საკუთარი შემადგენლობით, პირველი რიგის მცენარეები აღმოჩნდა, როგორებიცაა მწვანე, ნარინჯისფერი, მოყვითალო ფერის მცენარეები, რომელთა შემადგენლობა ამ ტიპის ნივთიერებებით იმდენად მრავალფეროვანია, რომ დიდად არც გაგვკვირვებია. უბრალოდ, აღნიშნულმა კვლევამ მოგვცა საშუალება, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით, მონაცემებითა და პროცენტით ვთქვათ, რომ სწორედ აღნიშნული ტიპის პროდუქტები 32%-ით აუმჯობესებს ჩვენს შემეცნებასა და მეხსიერებას.