ფერმერების დახმარების პროგრამისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დახმარება სულ 200 000 ფერმერს შეეხება.
„ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი და სისტემური პროექტი, რაც ანტიკრიზისულ გეგმაში განვიხილეთ, არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ღონისძიებისთვის დაფინანსება უკვე გამოყოფილი გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის მიწა იქნება აღრიცხული. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალეთ, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან; ასევე, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება დღეს რაიმე მიზეზით მიწა არ ჰქონდეს დარეგისტრირებული, ხოლო წლის ბოლომდე გაივლის რეგისტრაციას, მასაც შეეხება შეღავათები“, – განმარტავს პრემიერი.
მისივე თქმით, მთავრობა ეხმარება ფერმერებს, ეხმარება სოფელს და ეს ყველაფერი ნიშნავს ზრუნვას ქვეყნის აგროსასურსათო მომავალზე.
პრემიერი ფერმერებს მოუწოდებს, მათ მფლობელობაში არსებული მიწები რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ.