შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს და 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია: პისტოლეტი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ აბრეზი, ხელყუმბარა, 8 -მჭიდი, 730 – ვაზნა და 17 – დანა.
ასევე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული ნ.მ. რომლისგანაც ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, 12 ვაზნა და 2 მჭიდი.