პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი, აქედან 4 კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რეგიონში ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.