თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან…
სულ წინათ თელავში აფთიაქში არ იყო და წამლებს პროვიზორებ-ფარმაცევტების ნაცვლად ექთნები ამზადებდნენ თავიანთი ნება-სურვილით, ახდევინებდნენ ფულს.
პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს ვინმე ჟელინის მიერ გაიხსნა, სადაც ახლა მილიციაა (ნადიკვრის ქუჩაზე, ყოფილი მილიციის შენობა – თ.ვ.), დაბლა სართულზე. აქედან იგი გადავიდა ახლანდელი ყოფილი ექიმის ნიკოლოზ ზაუტაშვილის სახლში, მეორე სართულზე (ახლანდელი იუსტიციის სახლის წინ, ელენე ახვლედიანის ქუჩის კუთხეში), სადაც იგი დიდხანს იყო. აქედან კი იგი გადავიდა ძველი ბაღის წინ (იუსტიციის სახლის გაგარძელებაზე). ჟელინისაგან აფთიაქი იყიდა ექიმმა ვოლოხოვმა, რომელმაც იგი თავის მეუღლეს, ანა ივანეს ასულს გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელისაგან შეიძინა პროვიზორმა დელერერმა.
ქალაქის თვითმართველობამ დიდი შუამდგომლობისა და დავიდარაბის შემდეგ 1905-1907 წლებში შეძლო თავისი აფთიაქი გაეხსნა.
ზემოთ მოყვანილი მასალა-მოგონებების სახით, ივანე პაატაშვილს 1953 წლის 1 ოქტომბერს დაუსრულებია. ამ მოგონებებში იგი ნახევარი საუკუნის წინათ მომხდარ ამბებს აღწერს და შესაძლებელია, რომ მისი მონაყოლი ხშირად არ ემთხვევა საარქივო მასალებში არსებულ მონაცემებს, თუმცა, მას მაინც აქვს ისტორიული ღირებულება და გარკვეულწილად ავსებს თელავის ისტორიის ფურცლებს.
ჯერ კიდევ 1900 წლის 9 დეკემბრის №2180 წერილით, ქალაქის თვითმმართველობა სთხოვდა თბილისის საგუბერნიო სამმართველოს საექიმო განყოფილებას, რათა ნება დაერთო ქ. თელავში წამლების თავისუფალი გაცემის უფლებით აფთიაქის გახსნისა, რომლის შემოსავალი სხვა შემოსავლებთან ერთად გამოიყენებოდა ქსენონის გასახსნელად და მის შესანახად. ამ შუამდგომლობას აღნიშნულმა განყოფილებამ უარით უპასუხა იმ მოტივით, რომ რამდენადაც ქ. თელავში მუდმივი მაცხოვრებელი ცოტაა და რეცეპტთა ნომერაციის რიცხვი და მათი ხელახალი გაცემაც იქ არსებულ აფთიაქში ნორმას არ აღემატება 1873 წლის 25 მაისის წესდების №1 პარაგრაფით, ორი აფთიაქის არსებობის შესაძლებლობა გამორიცხულია. სახელმწიფო სენატის პირველი დეპარტამენტის 1887 წლის 20 სექტემბრის №32 564 განმარტებით არც ქალაქს და არც სათემო საზოგადოებრივ მმართველობას არა აქვს განსაკუთრებული უფლება აფთიაქის გახსნისა. ამდენად, თქვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ იქნება.
ერთ-ერთი საარქივო წყაროს მოწმობით, რომელიც 1916 წლის 28 მაისით არის დათარიღებული, ქალაქის აფთიაქის მოიჯარადრე ყოფილა აწ გარდაცვლილი სტეფანე ანტონის ძე ფალიევი, რომელსაც იჯარით აღების დროიდანვე არა აკურატულად შეჰქონდა საიჯარო თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იგი რამოდენიმეჯერ იქნა გაფრთხილებული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდაზე, ხსენებული ფალიევი არაფრად თვლიდა ამ პირობის შესრულების აუიცილებლობას. ამის გამო ქალაქის მმართველობამ ხელშეკრულების დარღვევისათვის 600 მანეთის გადახდა მოსთხოვა, რომელიც მომრიგებელ შუამავლის მიერ 1916 წლის 8 მარტს ძალაში შევიდა. სტაფანე ფალიევის გარდაცვალების შემდეგ აფთიაქის მეურვე გახდა მისი ქვრივი, ანა იოსების ასული, რომელსაც 1916 წლის 10 იანვრიდან დაეკისრა დაკანონებული პროცენტების გადახდა 43 მანეთის ოდენობით სასამართლო წარმოების ხარჯებისათვის. ანა ფალიევი იძულებული გამხდარა თხოვნით მიემართა ქალაქის თვითმმართველობისათვის, რათა გადაევადებინა ზემოაღნიშნული თანხა შეძლებისდაგვარად. თავის თხოვნაში იგი პირობას დებდა საიჯარო ქირის დაფარვის დასრულებამდე, ხელშეკრულებით ქალაქი მისგან მიიღებდა 2000 მანეთის მედიკამენტებს და 2000 მანეთის სააფთიაქო მოწყობილობას საარქივო მასალები მოწმობენ, რომ თელავის თვითმმართველობა იმდენად, რამდენადაც მის ხელში არსებული ფინანსები იძლეოდა საშუალებას თანდათან შეძლებისდაგვარად აფართოებდა ქალაქის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამედიცინო მომსახურების მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის ღონისძიებებს. სანიტარულ-სამედიცინო მომსახურებაზე თელავის საქალაქო თვითმმართველობამ 1901 წელს დახარჯა – 376 მან., 1905 -625 მან., 1907 წ. – 669 მან., 1909 წ. – 613 მან., 1910წ. – 2070 მან., 1911 წ. – 619 მან., 1913 წ. – 671 მანეთი.
რა თქმა უნდა, ამ მიზერული თანხით, რომელსაც თვითმმართველობა ქალაქის სანიტარულ-სამედიცინო მომსახურებაზე თითქმის ყოელწლიურად ხარჯავდა, შეუძლებელი იყო ქალაქის სანიტარულ მდგომარეობასა და თელავის მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებაში მნიშვნელოვანი ძვრები მოეხდინა. ამიტომ იგი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არადამაკმაყოფილებელი იყო. ამას კარგად ხედავდნენ და აღიარებდნენ თელავის მოქალაქეებთან ერთად თვით მეფის მთავრობის მოხელეებიც.
ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი