ბოლო წლების განმავლობაში ხშირად საუბრობენ ცალკეულ პროფესიებზე, რომლებიც შესაძლოა დროთა განმავლობაში გაქრეს, მათ შორის ერთ-ერთია მზარეული, რომელთა საქმეც რობოტებმა პარიზში უკვე აითვისეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euronews ავრცელებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რესტორან “პაცციაში”, რობოტი ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე ამზადებს და სთავაზობს მომხმარებლებს პიცას. პროცესი კი, მარტივი და გასაგებია. ადამიანები თვითმომსახურების ზონაში თავად უკვეთენ სასურველ პიცას, ხოლო რობოტი, მომხმარებლის სურვილების შესაბამისად ჯერ ამზადებს ცომს, ხოლო ეტაპობრივად ამატებს ინგრედიენტებს. ათავსებს ღუმელში და მზა პროდუქტს QR კოდის მეშვეობით გასცემს.
“ყველაზე რთული ტექნიკის მოწყობა და დაპროგრამებაა ისე, რომ რობოტებმა ორგანულ მასალებთან იმუშაონ. სამზარეულო არაა ტექნიკა, აქ ყველა დეტალზე ფიქრია საჭირო. მაგალითად პიცის ცომი რომ ავიღოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, დოზები, ყურადღება. ამავეს თქმა შეიძლება სოუსზეც. ამიტომ რთული იყო სისტემის აწყობა, რომელიც ადამიანური ჩარევის გარეშე იმუშავებდა პროდუქტებთან და არ გააფუჭებდა საკვებს. გარდა ამისა, რობოტები გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად ამზადებენ პროდუქტს, ვიდრე ადამიანები და ეს არის მათი მთავარი უპირატესობა, რომელიც კვების ინდუსტრიისთვის ახალი სიტყვა და ნაბიჯი იქნება,” – ამბობს რესტორან “პაცციას” დამფუძნებელი, ფილიპე გოლდმანი.
მართალია, რობოტების შეძენა არ ღირს იაფი და დაახლოებით 3 ათასი ევრო ჯდება, თუმცა სამაგიეროდ დასაქმებული კადრების ანაზღაურების ხარჯი იზოგება და რობოტები გაცილებით ეკონომიურად მოიხმარენ ინგრედიენტებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ავტომატიზაცია მარტო მომსახურების სექტორში არაა დაწყებული და 2025 წლისთვის რობოტებით დაახლოებით, 85 მილიონი სამუშაო ადგილი ჩანაცვლდება. მსოფლიოში შექმნილი კონკურენცია კი, კომპანიებს უბიძგებს სულ უფრო მეტი ფული ჩაიდონ რობოტების განვითარებაში და ამ მიზნით, მთლიანობაში ეს ხარჯი მომდევნო წელს 242 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე შესაძლოა მაღაზიებში, ოფისებსა და ტურისტულ ობიექტებში სულ უფრო მეტი რობოტი გამოჩნდეს და ეს გახდება ცხოვრების ნორმა.
პარალელურად კომპანიებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეუთავსონ ადამიანები და რობოტები ერთმანეთს, ისე რომ ჩანაცვლება არ მოხდეს. ხოლო ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია რობოტები მალე 85 მილიონ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებენ, თუმცა პარალელურად 97 მილიონს პირიქით, შექმნიან.
გარდა ამისა, წინასწარი ვარაუდით, ადამიანების გარეშე ზოგიერთი სექტორი ვერ იფუნქციონირებს, მათ შორის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, რადგან ეს არის სფერო, რომელიც სწორედაც ადამიანურ ურთერთობებზე, განწყობებსა და ემოციებზე დგას, რასაც რობორტები ვერ უზრუნველყოფენ.