პანკისის ხეობაში მცხოვრები ბესლან გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. გაურგაშვილი აცხადებს, რომ მისი დევნა უკავშირდება ხეობაში ჰესის მშენებლობას, რომელსაც იგი ეწინააღმდეგებოდა.
„ჩეჩნთიდან საქართველოში დაბრუნებულს, პანკისის ხეობაში ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობა იწყებოდა. როგორც ამიხსნეს, მალე ჩვენი მდინარე მილებში მოექცევა და ამით დასრულდება ყველაფერი. რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს კაცმა? ალბათ, პროტესტი უნდა გამოთქვას და თავისი მიწა–წყალი დაიცვას. აპრილში პანკისის ხეობაში გამართულ აქციაზე როგორც სხვები, მეც ვიყავი და ჰესის მშენებლობას ვაპროტესტებდი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს პროტესტი საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. წინაარმდეგობას ვუწევდით პოლიციას, რომ არ დაეკავებინათ ჩვენი თანასოფლელები, რომელთაც უბრალოდ, ჰესის აშენება არ უნდოდათ და ამას ხმამარლა შეიძლება ცოტა აგრესიული ფორმითაც გამოთქვამდნენ. ახალგაზრდა ხალხი მოგეხსენებათ, ცოტა მეტად აგრესიულია. საბოლოოდ კი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. სიტუაცია ერთი შეხედვით დასტაბილურდა, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიწყო ჩვენი დაკითხვები“, – აცხადებს გაურგაშვილი.
მისი თქმით, პოლიციაში გამოკითხვების შემდეგ დაიწყო ზეწოლა როგორც მასზე, ასევე მის თანასოფლელებზე.
„ყოველი ჩემი გამოძახება და გამოკითხვა ჯერ იწყებოდა ჩემი 2016-2018 წლებში ჩეჩნეთის ციხეში სასჯელის მოხდით. შემდეგ უკვე რატომ ვაპროტესტებდი? რას ვითხოვდი? ვთვლიდი თუ არა თავს დამნაშეავედ და ბოლოში მაინც მეკითხებოდნენ რა კავშირები მქონდა ჩეჩნეთთან? ერთ–ერთ ბოლო გამოძახებაზე ვითომ რომ ჰესზე მკითხავდნენ, იცით, რას მეკითხება გამომძიებელი? მეკითხებიან – შენ ჩეჩენთის აგენტი ხარ? მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც უკანოანო და არარსებულ ბრალდებაზე უნდათ ჩემი გამწარება. ამიტომ, უახლოეს პერიოდში მივმართავ სახალხო დამცველს, თუ არა და ჩემს ოჯახს მოვკიდებ ხელს და წავალ ქვეყნიდან დავუტოვებ ჩემს მოქალაქეობას. ნუთუ, დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც ჩემი ოჯახით მშვიდად ვიცხოვრებ და თვეში 10-ჯერ არ დამიბარებს პოლიცია? დანაშაული მაინც მქონდეს. რადგან მე ჩეჩნეთში დამაკავეს და უკანონოდ მომახდევინეს სასჯელი, იქ როგორც ვერ შეძლეს ჩემი გატეხვა, ამათ უნდა მომიღონ ბოლო? არ ვიცი, რა გზას დავადგე … ავდგები და წავალ საქართველოდანაც მაგრამ რატომ?“ – აცხადებს გაურგაშვილი.