“კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი – ნიუ-იორკის ერთადერთი ქართველი ვიცე-მერი. ცოტამ თუ იცის ემიგრაციაში დაბადებული ქართველის, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის ისტორია, რომელიც ნიუ-იორკის ვიცე მერი იყო.
„ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია”, – წერდა “ნიუ-იორკ თაიმსში” აშშ-ის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი ნიუ-იორკის ვიცე-მერზე, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავზე, რომელსაც ეს თანამდებობა 1967-1973 წლებში ეჭირა.
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 1930 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. მილბრუკის სკოლაში სწავლობდა. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს, დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ-ერისთავთან ერთად (რომელიც ასევე იურისტია) საკუთარი ბიურო გახსნა.
როგორც ბიოგრაფები წერენ, 1957 წელს იქორწინა ენ ფილიპსზე. მათ შეეძინათ სამი შვილი – სიმონი, ელისაბედი და ანდრია. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში, 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი.
1965 წელს ნიუ-იორკის მერის არჩევნებში რესპულიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის ყურადღება პარტიის აქტიურმა წევრმა კონი ერისთავმა მიიპყო და მას წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მიანდო. გამარჯვების შემდეგ ნიუ-იორკის ახალმა მერმა ჯონ ლინდსმა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი საავტომობილო მიმოსვლის დარგში თავის თანაშემწედ დანიშნა. ნიუ-იორკის ვიცე-მერის თანამდებობას კი კონი ერისთავი 1967 წლიდან 1973 წლამდე იკავებდა. სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაზე გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და ყველა, მათ შორის, რეიგანის ადმინისტრაციის აქტიური მხარდამჭერი. მისი მეგობრები უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული ადათ-წესები და ტრადიციები შეინარჩუნა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს, საღამოებს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით.
1990 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი Audubon New York-ის თავმჯდომარე გახდა. 70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სიდამონ-ერისთავმა სოლიდური თანხა გაიღო.
90-იან წლებში სიდამონ-ერისთავმა ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები” დააარსა. 1991 წელს, როცა ამერიკელმა ქართველებმა ზეიმით აღნიშნეს ქართული სათვისტომოს (ასოციაციის) დაარსების 70-ე წლისთავი, ნიუ-იორკის „ბოტანიკალ გარდენში“ მიწვეული იყვნენ ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერნი: თავმჯდომარე კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, ნებრასკის შტატის სენატორი კენეტ იალოვიცი, კანზასის შტატის სენატორი სემ ბრაუნბეკი, კენტუკის შტატის სენატორი მიჩ მაკ-კონელი, კენეტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, ჩაკ საგელი, გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, თბილისის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი გივი ზალდასტანიშვილი და სხვები.
საქართველოსთვის უმძიმეს ჟამს, 1994 წელს, სიდამონ-ერისთავმა დააფუძნა „საქართველოს მეგობართა ფონდი“, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის, პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე დანიშნა. საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიანში 12 სახლი შეიძინეს, სადაც 120 მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთან ერთად აღმზრდელ-პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. ფონდი ეხმარება თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს.
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 2012 წლის იანვარში, ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 3 შვილი და 8 შვილიშვილი დარჩა. „ის არა მხოლოდ ეფექტური ლიდერი, არამედ გულთბილი ადამიანიც იყო, – შენიშნავდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი რილი, – მის სახელს წონა ჰქონდა და განსჯის ბრწყინვალე უნარითაც გამოირჩეოდა. ყველაფერთან ერთად ის გალანტური კომპანიონიც იყო”.
წყარო : akhalitaoba.ge
kvirispalitra.ge