კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !
კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა საქართველოში თავისი სილამაზით,-წელიწადის ნებისმიერ დროს. აქ თითქოს სხვანაირად ცემს ჩვენი ქვეყნის გული და სხვანაირად ითვლის დრო მაჯისცემას. აქ კახელი გლეხის კოჟრიან ხელებს დიდი ძალა აქვს. წელიწადის ოთხივე დრო ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებს; ამაყად მდგარი კავკასიონი განთიადს პირველი ესალმება,დოინჯს შემოირტყამს და მერე თბილი მზერით ალაზანის ველს გადმოჰყურებს,-იმედით სავსე დღეს უსურვებს ხელისგულივით გადაშლილ სოფლებს…
აქ სიოც სხვანაირად გელამუნება და წარსულის მელანქოლია მოაქვს,სხვანაირად ხასხასებს ალაზნის ველი და ზვარ-ვენახები. აქ სულ სხვანაირად გაცოცხლებს ჭალებში ბინადარი მწყრების ხმა,ჩიტების ჭიკჭიკი და ხეებზე შემორჩენილი ბუდეები,რომლებიც პატრონს ელოდება და ზოგჯერ გამეჩხერებულ ხის ტოტებზეც სასახლესავით დგას იწონებს თავს. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ჩვენ საუცხოო მხარეში,მაშინ ძალიან დიდხანს გაგყვებოდათ ის ემოციები,რომელსაც აქ შიგრძნობდით!
ბევრი მიზეზი არსებობს იმის თუ რატომ უნდა ეწვიოთ კახეთს და რატომ უნდა გიყვარდეთ:
1კახეთი ღვინის სამშობლოა. თუ მას შემოდგომით ესტუმრებით,საოცარი სანახაობა გადაგეშლებათ თვალწინ,-საოცარი სიმშვიდე და ჰარმონია შმოვა თქვენ სულში,ულამაზესი ფერთა პალიტრა შემოაღწევს თქვენ გონებაში და ფოთოლცვენით ამოქარგული ფერადი ხალიჩა ზეწარივით დაეფინება თქვენ აზრებს და განუყოფელი ნაწილი გახდება თქვენი სულისა. შთაბეჭდილების ქარ-ცეცხლში გადაგაგდებთ ,-ვენახში ვაზის ჩამწკრივებული ძირები,რომლებიც როგორც მშობელს ისე ეხვევიან სარებს და შვილებივით იხუტებენ მტევნებს. თუ ვაზთან ჩამუხლულ გლეხს ნახავთ,მაშინ არასოდეს დაგავიწყდებათ როგორ ეფერება მას. კიდევ უფრო დაუვიწყარ მომენტებად შემოგრჩებათ იმის ნახვა,თუ როგორ ინაცვლებს ყურძენი გოდრებიდან საწნახელში და თან კახური მრავალჟამიერი როგორ ატკბობს სმენას. რთველი და თათარაობა კახეთში დიდი ზეიმია. ზღაპარში კი იმ წუთიდან მოხვდებით,როცა კახური ღვინით სიამოვნებას შეიგრძნობთ. პოპულარული ჯიშებია: რქაწითელი,მწვანე,კახური,საფერავი,ქისი.
2კახეთი საინტერესო მხარეა კულტურის და წეს-ჩვეულებების მხრივ. აღსანიშნავია კახური ფოლკლორი. კახური მრავალჟამიერი სახეზე ღიმილს მოგფენთ. „ჩაკრულო“ კი მსოფლიომ გაიცნო,ის ხომ კოსმოსში გაიგზავნა.
3.კახური სამოსი-კახური ჩოხა უფრო მეტ ვაჟკაცობას სძენს ქართველს.
4.უგემრიელესია კახური სამზარეულო,განსაკუთრებით გამორჩეული ხორცის კერძებია:წალამზე შემწვარი მწვადი,ხაშლამა,ჩაქაფული და სხვა.
5.კახეთში უამრავი ლამაზი და ღისშესანიშნავი ადგილია,ყველაზე ცნობილი ადგილებია: გურჯაანის ყველაწმინდა-ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი მსოფლიოში,ბოდბე,ნეკრესი,გრემი,ძველი და ახალი შუამთა,ალავერდი,წინანდალი,იყალთო და სხვა.თითოეული მათგანის ნახვა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
6.კახეთის მთავარი სიმდიდრე თავად კახელები არიან,შესანიშნავი იუმორით,რომელიც მთელ საქართველოს ანეკდოტებად მოედო. ხალხი აქ სხვანაირად გეფერება და გიხსნის გულს. კახეთი სტუმარს სულ სხვანაირად იხუტებს გულში.
7.კახეთი მრავალი ნიჭიერი ადამიანის აღმზრდელია: ილია ჭავჭავაძის,ფიროსმანის სამშობლოა,კიდევ მრავალი ნიჭიერი ადამიანი გამოზარდა კახეთმა და კვლავაც გამოზრდის.
საოცარი სანახავია კახეთი წელიწადის ნებისმიერ დროს. შმოდგომით ფოთოლცვენა მოგჭრით თვალს,ნახავთ ფოთლები როგორ აგებენ ფილაქნებს. თათარაობა…რთველი არასოდეს ამოვა თქვენი მეხსიერებიდან. გაზაფხულის პირს მიძინებულ სულს ტყის კორდებზე მოფენილი იის სურნელი გაგიღვიძებთ. ადიდებულ ალაზანს რომ თვალი შეავლოთ,მიხვდებით რომ ქვეყნის სატკივარი და დარდი მიაქვს მის მყეფარე ტალღებს და მერე თითქოს გაავებული უჩინარ მორევში ითრევს და ასამარებს.საოცარია კახეთი ზაფხულშიც; ზაფხულის მტვერი გაბორიალებს და ხის ჩერო თქვენ ნავსაყუდელად იქცევა. ხორბლის თავჩაქინდრული თავთავები ცოდვილ ადამიანს მოგაგონებთ,რომელსაც სინანულით თავი დაუხრია; ხეზე ჩამობმული ჰამაკი კი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. საღამოს ტყის პირთან დანთებული კოცონი და მეგობრებთან ერთად გატარებული ღამე,ვარსკვლავებისთვის გატანებული სურვილები არასოდეს დაავიწყდება თქვენ მეხსიერებას. არანაკლები სანახავია კახეთი ზამთარში. თეთრ სამოსში გახვეული გაშიშვლებული ხეები სიმყუდროვის შეგრძნებას აღძრავს; ფანჯრის მიღმა ფანტელები მოწმობენ იმას რომ,სიცოცხლე დასვენების რეჟიმზე გადავიდა და რამდენიმე თვე საკუთარ თავს უნდა დაუთმო დრო,დაისვენო და საკუთარ სულში ჩაიხედო.
ერთ სტროფს დავიხმარებ ჩემი ლექსიდან:
„მე კახელი ვარ და ამაყად ვამბობ ჩემ სათქმელს,
მე ხომ სიზმარშიც ვეფერები ჩემ ლამაზ კუთხეს,
როცა ასეთი საუცხო კუთხის შვილი ვარ,
აბა მითხარით,-დღეს მე ვისი რა უნდა მშურდეს?“
იცით კიდევ რამდენია ამ კუთხეში სანახავი? იქნებ ღირს რომ ადგეთ და ფეხით მოიაროთ მთელი კახეთი, თუ გინდათ რომ აქ ნანახი სამუდამოდ გაგყვეთ და საოცარ კადრებად იტრიალოს თავში თითოეულმა წამმა.
ავტორი: ნანა ღვინაშვილი