Home დღის ამბები ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია

ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს თუშეთს ეწვია. მან მონაწილეობა მიიღო გასტროტურში, რომელსაც ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გელა სამხარაული და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„დღეს, როდესაც პანდემიის გამო უჭირს ტურისტს და შეფერხებებია საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენ დავინახეთ ამაში შესაძლებლობა, რომ ყველამ ხელახლა აღმოაჩინოს ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში და ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კამპანიის ფარგლებში სტუმრებმა კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ეროვნული პარკის ფიჭვნარში გამართულ თუშური ხინკლისა და კოტორის მასტერკლასებში. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით მიმდინარე კამპანიაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრების გარდა, აქტიურად არიან ჩართულები ბიზნესმენები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.