Home მსოფლიო ნათელმირონობა უინძორებთან და ზღაპრული სასახლეები – რა ქონებას ფლობდა საბერძნეთის უკანასკნელი მონარქი

ნათელმირონობა უინძორებთან და ზღაპრული სასახლეები – რა ქონებას ფლობდა საბერძნეთის უკანასკნელი მონარქი

ათენის საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 82 წლის ასაკში საბერძნეთის ყოფილი მეფე, კონსტანტინე II გარდაიცვალა.

CNN Greece-ის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსტანტინე II-ს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ შორის, მეორედ მოუწია კორონავირუსის გადატანა.

კონსტანტინე II 1940 წლის 2 ივნისს დაიბადა. მამამისი იმჟამინდელი მეფის, გიორგი II-ის ძმა იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი სამხრეთ აფრიკაში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. საბერძნეთში 1946 წელს დაბრუნდა. ერთ წელში მეფე გარდაიცვალა და კონსტანტინე ტახტის მემკვიდრე გახდა.

1964 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, კონსტანტინე II ტახტზე ავიდა. იმავე წელს მან დანიის პრინცესაზე იქორწინა. მათ ხუთი შვილი ეყოლათ.

1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კონსტანტინემ და მისმა ოჯახმა რომს შეაფარეს თავი. მის ნაცვლად სამხედრო რეჟიმმა ტახტზე რეგენტი დასვა.

1973 წლის რეფერენდუმის შემდგომ საბერძნეთში მონარქია გაუქმდა. კონსტანტინე ინგლისში გადასახლდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან საბერძნეთს ხშირად სტუმრობდა.

2002 წელს, ყოფილ მეფეს და მის ოჯახს, საბერძნეთში დატოვებული ქონების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 13,7 მილიონი ევრო გადაეცათ.

მეფე ფლობდა ათენის ჩრდილოეთით მდებარე ტატოის სასახლეს, რომელიც ამჟამად რესტავრირებულია…

და კორფუში მდებარე სასახლეს, სადაც მეფე კონსტანტინე დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა. დღეს შენობა მუზეუმად ფუნქციონირებს.

2020 წელს tatler.com გარდაცვლილი მეფის ლონდონში მდებარე სასახლის შესახებ წერდა, რომელიც მაშინ 6 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

13-ოთახიანი სასახლე, მეფე კონსტანტინე II-მ 1967 წლის გადატრიალების დროს, მშობლიური ქვეყნიდან გადასახლების შემდეგ იყიდა.

სამეფო ოჯახი სასახლეში 46 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

კონსტანტინე II-ს მჭიდრო ნათესაობა აკავშირებდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან. იგი მეფის, ჩარლზ III-ის ბიძაშვილი და პრინცი უილიამის ნათლია იყო.

კონსტანტინე II წარმატებული სპორტსმენი და მეზღვაური იყო, რომლის გუნდმაც 1960 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

Reuters-ის ინფორმაციით, კონსტანტინეს დაკრძალვის ცერემონია ათენთან ახლოს, ყოფილ სამეფო რეზიდენციაში გაიმართება.