შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად შესაბამის მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ “ნაეკის” მიმართვაში.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებისთვის 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობებისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.
გამოცდების ორგანიზებისთვის საჭირო ნივთების და მომსახურების ჩამონათვალი და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ასე გამოიყურება:
1) საკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი – 278300.76 ლარი;
2) საკაბელო ინფრასტრუქტურის მონტაჟი – 324430.5 ლარი;
3) ტვირთის გადაზიდვის მომსახურებები – 26 564 ლარი;
4) საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები – 37450 ლარი;
5) ბუნებრივი წყალი 6795 ლარი;
6) საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა – 18787.51 ლარი;
7) პირადი ჰიგიენის საშუალებები – 90250 ლარი;
8) ავეჯის აქსესუარები – 18535 ლარი;
9) სადეზინფექციო საშუალებები – 27500 ლარი;
10) სამედიცინო მოწყობილობები – 266250 ლარი;
11) პოლიეთილენის პაკეტები და ტომრები ნარჩენებისა და ნაგვისთვის – 8570 ლარი;
12) სადეზინფექციო მოწყობილობები – 5325 ლარი;
13) სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები – 9010 ლარი;
14) ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები – 12500 ლარი;
15) საოფისე ავეჯი – დამცავი ბარიერები – 546 000 ლარი.
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. იგივე პერიოდში გასამართ პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი – 19 600 აპლიკანტი. მათ გარდა საგამოცდო სივრცეები მაგისტრობის მსურველებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეთმოს.
განათლების სამინისტროსა და “ნაეკის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი მედიკოსების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება და მონაწილეების ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული.