Home მსოფლიო მსოფლიო ბრენდები ილონ მასკის გამო Twitter-ზე რეკლამას აღარ განათავსებენ – ვინ ამბობს...

მსოფლიო ბრენდები ილონ მასკის გამო Twitter-ზე რეკლამას აღარ განათავსებენ – ვინ ამბობს სოციალურ ქსელზე უარს

ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა, საკვები პროდუქტების მწარმოებლებმა, General Mills-მა და Mondelez International-მა, ასევე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Audi-მ სოციალურ ქსელ Twitter-ზე სარეკლამო კამპანია დროებით შეაჩერეს. The Wall Street Journal ამის მიზეზად ილონ მასკს ასახელებს, რომელმაც ახლახან Twitter იყიდა და მის კონტენტზე კონტროლის შემსუბუქების გეგმა გაახმიანა.

გამოცემის ცნობით, რეკლამის განმთავსებლები მასკის ამ გეგმით შეშფოთებული არიან, რადგან ეს სოციალურ ქსელში არასათანადო ინფორმაციების მომრავლებას გამოიწვევს. თუმცა ზოგიერთი განმთავსებელი Twitter-ზე რეკლამას კომპანიიდან ტოპ-მენეჯერების წასვლის შემდეგ შექმნილი გაურკვევლობის გამო დროებით აჩერებს. მაგალითად, ახლახან კოსმეტიკის უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში, ფრანგულმა ჯგუფმა, L’Oreal-მა Twitter-ზე სარეკლამო ხარჯები გაყინა, ხოლო გასულ კვირას სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსება უმსხვილესმა ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მაც შეაჩერა.

ამასთან, კიდევ ერთი გამოცემის, Financial Times-ის (FT) ცნობით, ზოგიერთი უმსხვილესი სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი კლიენტები პლატფორმაზე ყოფნას ამცირებენ.

ილონ მასკი Twitter-ზე მიკრობლოგების შინაარსის გამოქვეყნებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. მას, ასევე, სურს, მომხმარებლებისთვის „მუდმივი“ აკრძალვები მოხსნას, რამაც სარეკლამო სექტორის პროტესტი გამოიწვია. ეს შეშფოთება აშშ-ის კონგრესის 8 ნოემბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, რადგან, FT-ის ცნობით, კომპანიები შიშობენ, რომ მათ რეკლამას ცრუ ინფორმაცია და ძალადობის პროპაგანდა შეერევა.

დამატებითი უარყოფითი ფაქტორი გახდა Twitter-ის კომერციული დირექტორის, სარა პერსონეტის გადადგომაც, რომელიც რეკლამის განმთავსებლების მთავარი საკონტაქტო პირი იყო. კვირის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების 40-მა ჯგუფმა ღია წერილით მოუწოდა განმთავსებლებს, მათ შორის Amazon-ს, Coca-Cola-სა და Procter & Gamble-ს, რომ Twitter-ზე რეკლამები შეწყვიტონ, თუ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში სოციალური ქსელის სტანდარტი, მათ შორის კონტენტის მოდერაციის მხრივ, დაეცემა.

Twitter ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს. კომპანიის შემოსავალში ლომის წილი სარეკლამო კონტრაქტებს უკავია.