1-ლ ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოუწოდებს მშობლებს განსაკუთრებულად იზრუნონ
ბავშვებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში და გარკვეული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თავი აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. გთავაზობთ NCDC-ს პუბლიკაციას ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით:
1-ლ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზნებია: დავიცვათ ბავშვთა უფლებები; მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
1-ლ ივნისი, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე დაარსდა 1925 წელს ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე ჟენევაში, შვეიცარია. მას შემდეგ, 1-ლ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ბავშვთა საერთაშორისო დღე, ასევე, აღინიშნება 20 ნოემბერს, რადგან სწორედ 1959 წლის 20 ნოემბერს მოხდა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ ბავშვთა უფლებების დეკლარაციის დამტკიცება, ხოლო 1989 წლის 20 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული იქნა ბავშვთა უფლებების კონვენცია. როგორც ბავშვთა უფლებების დეკლარაცია, ასევე კონვენცია რატიფიცირებული იქნა საქართველოს სახელმწიფოს მიერ.
სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის მომსახურება და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადეკვატური სანიტარია და კვება. შესაბამისად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
სტრატეგიის თანახმად, 2030 წლისათვის ყველა ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკური განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას.
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირების თვალსაზრისით. ქვეყანამ წარმატებით შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი, რომელიც გულისხმობდა 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას 1990-2015 წლების პერიოდში; მნიშვნელოვნად შემცირდა ასევე ჩვილთა სიკვდილიანობაც, რაშიც დიდი წვლილი გაზრდილ სახელმწიფო დაფინანსებასა და სამედიცინო მომსახურებაზე გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას მიუძღვის. კვლავ დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს 0-დან 5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. როგორც 0-1 წლამდე ასევე 0-5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა წინა წლებთან შედარებით და 2018 წელს 0-1 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1000 ცოცხალშობილზე შეადგინა 8.1, ხოლო 0-5 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხალშობილზე გახდა 9.5.
მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვა COVID-19 პანდემიის პერიოდში. COVID-19 ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე. თუმცა ცნობილია, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია. იმისთვის, რომ დაიცვათ ბავშვები და მოზარდები COVID-19 ინფექციისაგან, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, კერძოდ მნიშვნელოვანია ხელების სისუფთავის და სასუნთქი გზების ჰიგიენის სათანადო დაცვა, ხელების ხშირი დაბანა.
ჩაუტარეთ ბავშვებს გეგმიური აცრები, რათა ისინი დაცული იყვნენ სხვა ვირუსებისგან და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან. ისევე, როგორც სხვა გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების დროს, დროულად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება დაავადების სიმპტომები და ეცადეთ, თავი აარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (სამსახური, სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი), რომ არ დაუშვათ დაავადების სხვა პირებისთვის გადაცემა.