Home მსოფლიო მსოფლიოში პირველი მზის ელექტრომობილი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს

მსოფლიოში პირველი მზის ელექტრომობილი სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს

ნიდერლანდურმა კომპანია Lightyear-მა მზის პანელებით ინტეგრირებული მსოფლიოში პირველი ელექტრომობილის, მოდელ One-ის სერიული წარმოება დაიწყო.

მანქანა კაპოტსა და სახურავზე მრუდე მზის პანელებით არის აღჭურვილი. ავტომობილს დამუხტვის გარეშე ზაფხულის სეზონზე ამსტერდამში ორი თვე, ხოლო პორტუგალიასა და სხვა მზიან ადგილებში შვიდ თვემდე მოძრაობა შეუძლია. ინჟინრების გამოთვლით, მზის ენერგია მანქანის სავალ რესურსს ყოველდღიურად 70 კილომეტრამდე ზრდის.

სერიული წარმოება ფინეთში დაიწყო და ამჟამად საკონვეირო ხაზიდან კვირაში ერთი მანქანა ჩამოდის, ხოლო მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის ყოველკვირეული წარმოების ხუთ მანქანამდე გაზრდა იგეგმება.

სტარტაპი ევროკავშირის პროგრამა Horizon-ით ფინანსდება.

2021 წლის ივლისში კიდევ ერთმა ნიდერლანდურმა სტარტაპმა, Squad Mobility-მ გრძელ მანძილზე გათვლილი მსოფლიოში პირველი მზის ელექტრომობილი შექმნა. მას დამუხტული ბატარეა 100 კილომეტრზე ჰყოფნის, ხოლო სახურავის მზის პანელები დღეში დამატებით 20 კილომეტრის გავლის რესურსს იძლევა.

ევროკომისიამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის 30 000 ელექტრომობილისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნება.