Home მსოფლიო მსოფლიოში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვები 62%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გაყიდვები 62%-ით გაიზარდა

ელექტროფიცირებული ავტომობილები გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ამას მოწმობს 2022 წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შესახებ დღეს გავრცელებული ოფიციალური მონაცემები. პორტალ EV volumes-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,3 მლნ ელექტრომობილი და ჰირბიდია გაყიდული, რაც 62%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ცნობით, ზრდის დრაივერია ჩინეთი, სადაც 113%-იანი მატება დაფიქსირდა. აშშ-სა და კანადაში გაყიდვები 49%-ით, ხოლო ევროპაში მხოლოდ +9%-ით გაიზარდა, რის მიზეზად ანალიტიკოსები უკრაინის კრიზისსა და მაკომპლექტებლების დეფიციტის ასახელებენ.

ორგანზაიციის ცნობით, წელს სუფთა ელექტრომობილების (BEV) გაყიდვები გაზრდილია 75%-ით, ხოლო ჰიბრიდების (PHEV) – 37%-ით. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ ბენზოელექტრო ავტომობილების გაყიდვები სულ უფრო თმობენ პოზიციებს ელექტრომობილებთან, რაც პირველ რიგში მოდელების მრავალფეროვნებითა და მათი გაყიდვების მასტიმულირებელი პროგრამებით აიხსნება.

რაც შეეხება ბრენდებს, პირველ 6 თვეში ლიდერია ჩინური BYD 641 ათასით, საიდანაც 315 ათასი ჰირბიდებზე მოდის. სუფთა ელექტრომობილების ბაზარზე კი უპირობო ლიდერია ამერიკული Tesla 565 ათასით.

ექსპერტების პროგნოზით, 2022 წელს ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვები 10.6 მლნ იქნება, რაც ერთნახევარჯერ მეტი (57%) იქნება წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან 8 მლნ მოვა BEV-ზე, ხოლო 2,6 მლნ PHEV. მომავალ წელს კი სულ მსოფლიოში ექსპლუატაციაში იქნება 27 მლნ ელექტრომობილი.