ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს, 26%-ს უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივ ანგარიშში წერია.
მკვლევარების აზრით, 2020 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 74%-ს ჰქონდა წვდომა სუფთა სასმელ წყალზე. აღსანიშანვია, რომ 2000 წელს ადამიანების მხოლოდ 62% იყენებდა და მოიხმარდა უსაფრთხო წყალს. ამრიგად, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საუკუნის დასაწყისიდან სუფთა სასმელი წყალი ხელმისაწვდომი 2 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის გახდა, ვისაც მანამდე ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა.
ჯანმო-სა და UNICEF-ის მონაცემებით, დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა, დიარეის სხვადასხვა ფორმით, 2019 წელს მსოფლიოში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მკვლევარები წერენ, რომ იმავე წელს სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობამ 69 ქვეყანაში ქოლერის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამასთან, ექსპერტების ვარაუდით, სასმელი წყლის წყაროების სწორად მოწყობამ, შესაძლოა, დაავადებების საფრთხე ორჯერ შეამციროს, ხოლო დალევამდე წყლის გაფილტვრა რისკს კიდევ 50%-ით ამცირებს.
ჯანმო-სა და UNICEF-ის ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილება სუფთა წყლის ნაკლებობას აძლიერებს, რადგან ეკოლოგიური კრიზისი ხშირ, ინტენსიურ გვალვებსა და წყალდიდობებს უწყობს ხელს. მკვლევარები, ასევე, აღნიშნავენ, რომ უსაფრთხო წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ყველაზე ხშირად ღარიბი რაიონების მცხოვრებლები განიცდიან, რადგან ურბანიზაცია უარყოფითად მოქმედებს საქალაქო სისტემების უნარზე, მოსახლეობა სუფთა წყლით უზრუნველყოს.
პრობლემის მოსაგვარებლად ორგანიზაციების ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ინვესტიცია წყალმომარაგების სისტემებში განახორციელონ და ამ საკითხზე სახელმწიფოთაშორისი კოორდინაცია გააფართოვონ.