სოციალური ქსელის საშუალებით, თელავის მოსახლეობა აქციას აანონსებს და მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ გამოსვლებს გეგმავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დანებებას არ აპირებენ და საჭიროების შემთხვევაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახლთან გადაინაცვლებენ.
,,თელავის მოსახლეობას მოგმართავთ! ორშაბათს, დილის 11 საათიდან დაიწყება აქცია მერიასთან და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ მოგვარდება წყლის პრობლემა! აღარანაირი გაჩუმება და კომპრომისზე წასვლა! კავკასიონის ქუჩის მაცხოვრებლები არ გავჩერდებით და თუ საჭირო იქნება, პირადად წყალმომარაგების უფროსის სახლთან დავაღამებთ და გავათენებთ! ნება იბოძონ და მოაგვარონ ეს პრობლემა ქალაქში. მოსპონ უკანონო დაერთებები ბასეინებზე და ხალხს ყოველდღიურად მიაწოდონ წყალი! ვინც იძახით რომ დაიღალეთ და აღარ გსურთ ამ პრობლემის ატანა შემოგვიერთდით. ვინც თავს კარგად გრძნობთ, კილომეტრებიდან რომ ეზიდებით წყალს და ,,კრუშკულით” ბანაობთ, ისინი დარჩით სახლში და დაელოდეთ როდის წაგლეკავთ ,,ნალექი” რომ წყლის ღირსები გახდეთ!!! ორშაბათიდან, 11 საათზე!
ამ დღეების განმავლობაში კიდევ დავწერ და შეგახსენებთ .”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თელავის მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მოთხოვნით , აქცია ერთი თვის წინაც დაანონსა, რასაც შესაბამისი სამსახურიდან რეაგირება მოჰყვა.
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასმელი წყლის პრობლემით შეწუხებულმა თელაველებმა სოციალური ქსელით დაანონსნეს.