კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება – ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტოპლატფორმა Voyager Digital-ს მოუწია, რომელიც სინგაპურში დაფუძნებული ჰეჯ-ფონდის Three Arrows Capital-ის $670-მილიონიანი დეფოლტის შემთხვევასთანაა დაკავშირებული.
საქმე იმაშია, რომ 3AC-ის $670-მილიონიანი სესხი, რომლის გასტუმრებაც ჰეჯ-ფონდმა ვერ შეძლო, Voyager Digital-ის მიერ იყო გაცემული, რომელსაც, თავის მხრივ, ვალდებულებები არაერთი საფინანსო ორგანიზაციის წინაშე აქვს.
Reuters-ის ინფორმაციით, Voyager-ი ამჟამად $1 მილიარდის აქტივებს ფლობს, თუმცა მას $10 მილიარდის ვალდებულებები აქვს, რისი მომსახურების რესურსიც კომპანიას არ გააჩნია, Voyager-ზე ახალი ვალის გაცემისგან კი ყველა მსხვილი საერთაშორისო ბანკი და ფინანსური ორგანიზაცია თავს იკავებს.
კონკრეტულად რომელი ორგანიზაციებისა და ბანკების მიმართ აქვს Voyager-ს ვალდებულებები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა კომპანიის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კრედიტორთა რაოდენობა 100,000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აღწევს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ $110 მილიონის სავალუტო რეზერვით Voyager-ი თანამშრომლების ანაზღაურებას და ოფისების ოპერირებისთვის აუცილებელ ხარჯებს დაფარავს, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს გაკოტრების გეგმის შედგენა და ახალი სტრატეგიის დასახვა, რომელიც კომპანიას ვალდებულებების ნაწილის გასტუმრების საშუალებას მაინც მისცემს.
აღსანიშნავია, რომ $670-მილიონიანი დეფოლტი Three Arrows Capital-ის გაკოტრებითაც დასრულდა – ჰეჯ-ფონდის აქტივების ლიკვიდირების პროცედურა უკვე დაწყებულია.