Home დღის ამბები ჩვენი გზა ანუ მე და თელავის უნივერსიტეტი-ელიზბარ ელიზბარაშვილი

ჩვენი გზა ანუ მე და თელავის უნივერსიტეტი-ელიზბარ ელიზბარაშვილი

მივიღე თქვენი მედიის გამოწვევა და ვეცდები მოკლედ თუმცა გულწრფეად მოვყვე ჩემი და თელავის უნივერსიტეტის საერთო ცხოვრების გზის შესახებ. ეს ჩემი გზა არ არის რასაც გავიხსენებ ეს ჩვენი გზაა ყველასი ვისაც გვიყვარს თელავი როგორც ულამაზესი საუნივერსიტეტო ქალაქი. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში სეტყვისსაწინააღმდეგო ფართომასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ საქართველოში.


სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის ცენტრი თელავის მახლობლად სოფელ რუისპირში იყო. სამსახური განიცდიდა სპეციალისტების დეფიციტს. თბილისის უნივერსიტეტში გეოფიზიკოსების და მეტეოროლოგების გამოშვება მცირერიცხოვანი იყო, ამავე დროს ისინი კახეთში ვერ მკვიდრდებოდნენ. ამიტომ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომ სეტყვასთან ბრძოლის სამსახურისთვის კადრები თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-ასტრონომიის სპეციალობის ბაზაზე მომზადებულიყო. სასწავლო პროგრამაში დაემატა რამოდენიმე სპეციალური საგანი, რომლის წაკითხვაც ითავეს თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის, გეოფიზიკის ინსტიტუტის და სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებმა. თბილისიდან სპეციალისტების ჩამოსვლა ხშირად ფერხდებოდა, ამიტომ ერთერთ სასწავლო წელს, ამ სპეცსაგნებზე ფიზიკის კათედრამ მე, როგორც თელაველი, მომიწვია. ვკითხულობდი ლექციებს ატმოსფეროს ფიზიკასა და სინოპტიკურ მეტეოროლოგიაში. ამ პროგრამამ საკმაო ხანს იმუშავა და სეტყვისსაწინააღმდეგო სამსახურის სისტემა შეივსო კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით.

ამ დროს ინსტიტუტის რექტორი იყო პროფესორი ნიკო ქორთუა. მისი გამოჩენა ინსტიტუტის კედლებში, საკმარისი იყო, რომ სტუდენტს ეგრძნო, რომ მეცნიერების ტაძარშია. ის უსაზღვროდ დადებითი აურის პროფესორი, თავის გარშემო სუკეთესო გარემოს ქმნიდა. მისი დამსახურება თელავის უნივერსიტეტის გადარჩენაში და განვითარებაში განუზომელია.

ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო ბატონი მიხეილ სულხანაური. ფაკულტეტრზე იყო 2 კათედრა: ფიზიკის და მათემატიკის. მათემატიკის კათედრას ხელმძღვანელობდა სკოლიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მასწავლებელი ქალბატონი ლია ქაშაკაშვილი, ხოლო ფიზიკის კათედრის გამგე იყო ბატონი ვახტანგ მოდებაძე.

80-იანი წლების დასაწყისში ინსტიტუტში გაიხსნა გეოგრაფიის და გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობები და მთლიანად იქ გადავერთე. 1985 წელს ინსტიტუტის რექტორის, პროფესორ ნიკო მალუძის რჩევით კონკურსის წესით დავიკავე დოცენტის თანამდებობა. ამ დროს შეიქმნა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, რომლის დაკანად დაინიშნა ბატონი ანზორ ჯავახიშვილი.

პედაგოგიურ ინსტიტუტში მხოლოდ მე ვიყავი სამეცნიერო ხარისხის მქონე გეოგრაფი, ამიტომაც ბევრი შრომა მიწევდა, ფაქტიურად ნულიდან დავიწყე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტიდან და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტიდან წამოვიღე რუკები, ლიტერატურა, მეტეოროლოგიური ხელსაწყოები და შევქმენი გეოგრაფიის კაბინეტი და ბიბლიოთეკა. რექტორის, პროფესორ როინ ჭიკაძის ინიციატივით და გეოფიზიკის ინსტიტუტის დახმარებით დავამონტაჟეთ სტაციონარული მეტეოროლოგიური სადგური.

იმ დროს ახალი სიტყვა იყო ეკოლოგია და პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჯერად ილიას უნივერსიტეტი) იყო ბიოლოგია-ეკოლოგიის სპეციალობა. ჩემი ინიციატივით და ინსტიტუტის რექტორის პროფესორ როინ ჭიკაძის და სასწავლო-სამეცნიერო დარგის პრორექტორის პროფესორ ელდარ ბორჩაშვილის მხარდაჭერით ჩვენ პირველებმა საქართველოში გავხსენით  გეოგრაფია-ეკოლოგიის სპეციალობა. ამ სპეციალობის მრავალი თაობა აღიზარდა ინსტიტუტში და კახეთში სკოლას ვერ ნახავდით სადაც ჩვენი კურსდამთავრებული არ ასწავლიდა გეოგრაფიას და ბიოლოგიას.

ინსტიტუტში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდი მათთან. ახლო მეგობრობა მქონდა უფროსი თაობის ადამიანებთან პროფესორ ივანე ქეშიკაშვილთან, სამეურნეო დარგის პრორექტორთან ნოდარ როსტომაშვილთან, ანგი ბარსკისთან. ჩვენთან მეგობრობდნენ აგრეთვე მიხეილ სულხანაური, სამხედრო კათედრის გამგე, პოლკოვნიკი ასლან გერმანიშვილი, ფიზკულტურის კათედრის გამგე თემო ჩოთალიშვილი. ბავშვობიდან ვიცნობდი გიორგი  ჭონიშვლს და ნოშრევან კაციტაძეს, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ფაკულტეტის-დაწყებითი სამხედრო მომზადების და ფიზაღრდის წარმატებული დეკანი იყო.

1991 წლიდან, სადოქტორო  დისერტაციის დაცვის შემდეგ,  ამირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე.

1997 წელს, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩევის შემდეგ, დავაარსე აკადემიის კახეთის რეგიონალური განყოფილება და ჩავუდექი მას სათავეში. იმ დროს მხოლოდ ერთად-ერთი ეკოლოგი-ბიოლოგი მოღვაწეოობდა უნივერსიტეტში, ქალბატონი თამილა ნადირაძე. ამიტომ აკადემიის წევრებად ავირჩიეთ აგრეთვე ისინი, ვინც ხელს უწყობდა ინსტიტუტში ეკოლოგიური განათლების განვითარებას. მათ შორის იყვნენ რექტორი, ბატონი როინ ჭიკაძე, ფაკულტეტის დეკანი, ბატონი ანზორ ჯავახიშვილი, სამხედრო კათედრის გამგე, პოლკოვნიკი ასლან გერმანიშვილი და პროფესორი ელგუჯა მამუკელაშვილი.

2004 წლიდან ვარ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე და მიმართულების ხელმძღვანელი, ხოლო 2007-2017 წლებში არჩეული ვიყავი  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად. 2013 წლის გაზაფხულიდან ნოემბრამდე ვასრულებდი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას და ნოემბერში ჩავატარე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.

უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩემი მუშაობა არ შემოიფარგლებოდა ფორმალურობით. აქტიურად ვმონაწილეობდი ყველა პრინციპული საკითხის განხილვაში. ყველაზე მნიშვნელოვნად კი მიმაჩნია ბრძოლა უნივერსიტეტის ღირსეული პროფესორების დასაცავად. 2014 წელს, პროფესორთა ახალი ვადით არჩევნების წინ, ახლადარჩეულმა რექტორმა ბატონმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა განიზრახა საპენსიო ასაკის პროფესორებისთვის არ მიეცა კონკურსში მონაწილეობის უფლება. მართალია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არის მსგავსი მუხლი, მაგრამ იქვეა განმარტება, რომ საკითხი რეგულირდება უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით. საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ეს საკითხი დარეგულირებულია ისე, რომ ამ კატეგორიის პროფესორების კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა შესაბამისი ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს ან აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება. სწორედ ასეთი ფორმულირებით გადავწყვიტეთ საკითხი აკადემიური საბჭოს სხდომაზე. მაგრამ რექტორმა  მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად გაუგზავნა სხვა ტექსტი, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული არავითარი რეგულაცია და ასე დაამტკიცა. ამას მოჰყვა ჩემი აღშფოთება, სასწრაფოდ შევკრიბეთ აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული სხდომა და დიდი ბრძოლის შემდეგ შევცვალეთ გაყალბებული გადაწყვეტილება. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი მიუძღვის აგრეთვე უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს პროფესორ გიორგი გოცირიძეს და პროფესორ ქეთევან გიგაშვილს. მიღებული გადაწყვეტილების შედეგად უნივერსიტეტმა შეინარჩუნა ცნობილი მეცნიერები და ღვაწლმოსილი პედაგოგები: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, პროფესორები როინ ჭიკაძე, მაყვალა მიქელაძე, მათე ჯავახიშვილი, ლია ტალახაძე, გიული ანდრონიკაშვილი, თეიმურაზ ვახტანგიშვილი, მერაბ აღნიაშვილი, შოთა მათიაშვილი, რომლებიც უნივერსიტეტის ბირთვს შეადგენდნენ და ურომლისოთაც უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფდა  მეცნიერული კვლევის და სწავლების არსებულ დონეს. მათი უმრავლესობა დღესაც ამშვენებს უნივერსიტეტს.

უმაღლესი განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმის შემდეგ უნივერსიტეტში ვხელმძღვანელობდი ორ საბაკალავრო პროგრამას (გეოგრაფია და ეკოლოგია), ორ სამაგისტრო პროგრამას (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია), და ორ სადოქტორო პროგრამას (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ეკოლოგია). გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი იყო ჩემი მოსწავლე, ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭინძარაშვილი, რომელიც შემდეგ ჩაერთო მეტეოროლოგია, კლიმატოლოგიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელად. ეკოლოგიის პროგრამებს ყველა საფეხურზე ვხელმძღვანელობდი პროფესორ თამილა  ნადირაძესთან ერთად.

ახალ პროგრამებთან დაკავშირებით შემოვიტანე რამოდენიმე ახალი საგანი: გეოგრაფიული მოდელირება, გლობალური ეკოლოგია, ეკოლოგიური პროგნოზირება (ბაკალავრიატში), კლიმატის ცვლილება, ატმოსფეროზე ანტროპოგენული ზემოქმედება (მაგისტრატურაში) და სხვ. შესაბამისად შევადგინე დამხმარე სახელმძღვანელოები და სალექციო კურსები. ამ სახელმძღვანელოებით შემდგომში დაიწყეს სწავლება სხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა.

ამავდროულად 2008-2015 წლებში ვხელმძღვანელობდი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მაცნიერებათა  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს, ხოლო 2015-2018 წლებში ვიყავი ამავე საბჭოს სწავლული მდივანი.

აღსანიშნავია, რომ მეტეოროლოგია, კლიმატოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები საქართველოში მხოლოდ თელავის უნივერსიტეტში იყო, რის საფუძველზეც აქ აღიზარდა რამოდენიმე ათეული გეოგრაფიის დოქტორი, რომლებიც წარმატებით ეწევიან სამეცნიერო-კვლევით, პედაგოგიურ და საწარმოო საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, საწარმოო გაერთიანება “დელტა”-ში და სხვა სასწავლო, სამეცნიერო თუ საწარმოო ცენტრებში. მხოლოდ თელავის უნივერსიტეტში ამჟამად მუშაობს ჩემი ხელმძღვანელობით აღზრდილი 5 პროფესორი-იზოლდა  ჭინჭარაშვილი, თამარ ზუბიტაშვილი, ნიკოლოზ სულხანიშვილი, ნანა ბერძენიშვილი და ვლადიმერ გორგიშელი, რომლებმაც დისერტაციები დაიცვეს თბილისის  ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2018 წელს საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პირველი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, ჩემი დიდი შრომის და რექტორის პროფესორ ირმა შიოშვილის მხარდაჭერით,  გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სწორედ თელავის უნივერსიტეტში დაამონტაჟა. ამან გააძლიერა უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შინაარსი. სადგური ჩართულია საერთაშორისო მეტეოროლოგიურ ქსელში და უწყვეტ რეჟიმში აღრიცხავს ჰაერის ტემპერატურის, სინოტივის და ატმოსფერული ნალექების მნიშვნელობას. ავტომატური სადგურის მონაცემების გამოყენება გათვალისწინებულია გეოგრაფიის და ეკოლოგიის საბაკალავრო, აგრეთვე მეტეოროლოგია, კლიმატოლოგიის და ეკოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისას.


   

პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი – თელავის მკვიდრი