„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰუმანიტარული კამპანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციების გაწევას ემსახურებოდა.
როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, აღნიშნული ჰუმანიტარული კამპანია სოფელ კურდღელაურიდან დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.
„ჩამოვედით კურდღელაურში, ჩამოვიყვანე საქართველოში მართლაც წამყვანი ექიმები, ისინი მზად არიან, რომ დაუდგნენ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ვგეგმავდით ჰუმანიტარული პროექტი გაგვეკეთებინა, დიდი სიხარულით დამთანხმდნენ. ჩამოვედით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კურდღელაურის მოსახლეობას დავუდგეთ გვერდით და მათი საჭიროებისამებრ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.