დღეს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს, ხოლო სახელმწიფო მბრალდებელი პატიმრობას ითხოვდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილმა სიტყვით მიმართა მოსამართლეს და განმარტა, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან მას მეუღლისა და შვილების მისამართით არ უძალადია და არც უკანონო იარაღი ჰქონია. მისი განცხადებით მას კალაშნიკოვის ავტომატი პოლიციამ ჩაუდო რათა ბრალი უფრო დაემძიმებინათ.
„რადგან წარდგენილი ბრალი ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაზე მარტივად გაბათილდებოდა ამიტომ გადაწყვიტეს იარაღის ჩადება, ვარ მართალი და აუცილებლად დავბრუნდები მალე ჩემს სოფლეში“ – აცხადებს გრემელაშვილი
დეპუტატის წინა სასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.
საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით დეპუტატ გრემელაშვილს საკრებულოს წევრის მანდატის უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი უფლებამოსილება შეუწყდება.
მიხეილ გრემელაშვილი მომხდარის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.