დიდი ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II, რომელიც 8 სექტემბერს გარდაიცვალა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი პერსონალური ქონების მთავარ ნაწილს ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები და უძრავი ქონება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათგან რაიმე სარგებელი მიეღო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი გაყიდვის უფლებაზე. ეს ყველაფერი მონარქის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, მომავალი თაობებისთვის არის განკუთვნილი და როგორც წესი, ისინი მომდევნო მეფეს გადაეცემა მემკვიდრეობით.
დედოფლის პირადი ქონება “ფორბსის” მიერ 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უმეტესი ნაწილი მეფე ჩარლზ III-ს გადაეცემა მემკვიდრეობით. რაც შეეხება მთლიანად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონებას, 2017 წლის მონაცემებით, ყველაფრის ფასი 88$ მილიარდს აღემატება.
მიუხედავად ყველაფრისა, დედოფლის ქონების ფასი ოფიციალურად არასდროს გამჟღავნებულა. როგორც Guardian-ი იტყობინებოდა, დედოფალი 1970-იან წლებში ბრიტანეთის მთავრობას ლობირებდა, რომ მისი პირადი ქონება, კანონპროექტის შეცვლის გზით, საზოგადოებისგან დაეფარა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამის გამჟღავნება უხერხული იყო.
დედოფლის პირადი შემოსავლის წყაროები
არსებობს გამოთქმა, რომ სიკვდილი და გადასახადები გარდაუვალი რამაა, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მონარქი კანონით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
2015 წელს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დედოფლის პირადი შემოსავლის ძირითადი წყარო ლანკასტერის საჰერცოგო იყო. ეს კერძო ქონებაა, რომელიც გამეფებული მონარქისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ის 652 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. Times-ის თანახმად, იმის გამო, რომ ეს მონარქის განუყოფელი ქონებაა, ის დედოფლის ანდერძში არ გამოჩნდებოდა და უბრალოდ, მემკვიდრეზე გადავიდოდა, გადასახადის გადახდის გარეშე.
სამეფო ოჯახი აგრეთვე აგროვებს გადასახადებს სუვერენული საგრანტო აქტიდან, იგივე გადასახადების გადამხდელთა ფონდიდან, რომელიც გამოიყენება სამეფო სასახლეების მოსავლელად და სამეფო მოვალეობების შესასრულებლად, როგორიცაა ოფიციალური მიღებები და მოგზაურობა. გრანტი, წლიურად, 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
დედოფალ ელისაბედ II-ის აქტივები
სამეფო ქონება, იგივე Crown Estate არის გაერთიანებული სამეფოს მიწებისა და სხვა ტიპის საკუთრების ნაკრები, რომელიც დედოფლის საჯარო ქონებას წარმოდგენდა, თუმცა ის არც მთავრობის საკუთრებაა და არც მონარქის კერძო ქონებაა. მას “The Firm” – უინძორის სახლის წევრების ჯგუფი მართავს. დედოფალთან ერთად, ჯგუფის წევრები იყვნენ: მეფე ჩარლზი და მისი ცოლი კამილა, პრინცი უილიამი და მისი მეღლე ქეითი, დედოფლის ქალიშვილი პრინცესა ანა და დედოფლის უმცროსი ვაჟი, პრინცი ედვარდი და მისი ცოლი სოფი.
მონარქი ფლობს, მაგრამ ვერ ყიდის სხვადასხვა ტიპის ქონებას და აქტივებს, მათ შორის: Crown Estate (19,5 მილიარდი დოლარი), ბუკინგემის სასახლე (4,9 მილიარდი დოლარი), კორნუოლის საჰერცოგო (1,3 მილიარდი დოლარი), ლანკასტერის საჰერცოგო (748 მილიონი დოლარი), კენსინგტონის სასახლე (630 მილიონი დოლარი) და Crown Estate Scotland (592 მილიონი დოლარი).
დედოფლის აურაცხელი მემკვიდრეობა: წყლები და მიწები
ელისაბედი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც ყველაზე მეტ მიწას ფლობდა დიდ ბრიტანეთში, მას ასევე ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სხვადასხვა ტიპის პირადი კოლექციები. მის კოლექციაში ისეთი ძველი ნივთებიცაა, რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება და მონარქებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ძირფასი სამკაულებით დაწყებული, იშვიათი ბრილიანტებით დამთავრებული, დედოფალს ყველაფერი ჰქონდა. ყველაფერში ზღვის ფსკერიც კი მოიაზრება. არა მხოლოდ ფსკერი, წყლები, რომლებიც დიდ ბრიტანეთს აკრავს, 1963 წლიდან დედოფალს ეკუთვნოდა: ინგლისის არხი, ირლანდიის ზღვა, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანე და ჩრდილოეთის ზღვა. გაზი და ნავთობიც ამ წყლებში მოიპოვება და ყველაფერი ეს შეუფასებელია, მაგრამ მხოლოდ ნავთობი, 60 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მონარქი ფლობს ზღვის სანაპიროებსაც, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარამდე აღწევს.
დედოფლის მემკვიდრეობაში შედის აგრეთვე მილიონობით ჰექტარი მიწა. კოლონიზაციის შემდეგ მიღებული მიწები ჯამში 6.6 მილიონ ჰექტარი მიწის მფლობელს ხდის დიდ ბრიტანეთს და შესაბამისად, მონარქს. ეს დედამიწის ზედაპირის 1/6-ია. დედოფალი ამ ტერიტორიებიდან ეკონომიკური შემოსავლების 15%-ს იღებდა.
დედოფალსვე ეკუთვნოდა ლონდონის თაუერი, რომელიც 56 მილიარდ დოლარადაა შფასებული და ბალმორალისა (140 მილიონი დოლარი) და სენდრინგჰემის (65 მილიონი დოლარი) სასახლეები.
ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასეულობის უზარმაზარი კოლექციები
თავდაპირველად, მეფე ჩარლზ I-მა დაიწყო ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მას შემდეგ, მისი კოლექცია მონარქებს მემკვიდრეობით გადაეცემა. კოლექციაში უძველესი ნამუშევრებიც კია მოხვედრილი. ფერწერის ნიმუშების კოლექციის შეგროვების ტრადიციას ყოველი მმართველი აგრძელებდა და ამ დროისთვის დედოფლის კოლექციაში უკვე 150 000 ორიგინალი ნამუშევარია. ნამუშევრების ავტორებს შორის უნდა იყოს: ლეონარდო დავინჩი, პიტერ პოლ რუბენსი და რემბრანტიც კი.
ელისაბედ II-ს ფაბერჟეს კვერცხების კოლექციაც ჰქონდა, ჯამში მათი რაოდენობა 600-ია. სამეფო ოჯახში მათი შეგროვების ტრადიცია 1900-იან წლებში დაიწყო და 600-ვე მოოქროვილი კვერცხი 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
დედოფალი ასევე ფლობდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 530.2-კარატიან ბრილიანტის ქვას, რომელიც 51$ მილიონადაა შეფასებული.
დედოფალ ვიქტორიას გასაოცარი გვირგვინიც ელისაბედ II-ს ეკუთვნოდა. მას ზუტად 1 333 ბრილიანტი აქვს და მათი დიზაინი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექმნა. ის 700 000 $-დაა შეფასებული. ეს იგივე გვირგვინია, რომელიც ელისაბედ II-მ 1953 წელს თავის კორონაციაზე მიიღო და რეგულარულად ატარებდა.
დედოფლის მატერიალური ქონება
კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც დედოფლის კუთვნილებაში იყო, სავაჭრო ცენტრებია: ელისაბედს 3 სავაჭრო ცენტრი ჰქონდა. მათი საერთო კაპიტალი კი 2 მილიარდს შეადგენს.
მონარქი ფლობდა შოტლანდიის ოქროს საბადოებსაც, რომლებიც 1910 წლიდანაა სამეფო ოჯახის საკუთრება და 300 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ჰაიდ პარკი 1660 წლიდან ეკუთვნის სამეფო ოჯახს და 19 მილიარდადაა შეფასებული.
ძვირფასი მანქანების კოლექცია დედოფალმა 1940 წელს დაიწყო და მათი საერთო ფასი 10 მილიონი დოლარია.
Launer-ის ჩანთების კოლექცია. თითოეულში ელისაბედ II-ს 2.500$ აქვს გადახდილი და მას კოლექციაში სულ 200 ცალი ჰქონდა. დედოფალი Launer-ის ჩანთებს 1950 წლიდან აგროვებდა.
დედოფალი და ბუნება
დედოფლის და ზოგადად, სამეფოს საკუთრებაშია ინგლისის და უეილსის გედებიც. ამ არეალში გედების ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ 1 გედი აქ 300$-ად ფასობს და დაახლოებით 130 000 დოლარს აღწევს მათი საერთო ფასი. როგორც ცნობილია, დედოფალი რეგულარულად ითვლიდა გედების რაოდენობას, რათა მათი პოპულაციის რაოდენობა სტაბილური ყოფილიყო.
ასევე, დედოფალს ჰყავდა 450 სარბოლო ცხენი, მათგან 30 კიდევ გამოდის რბოლებზე. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონი დოლარია.
ღამურების გუნდსაც კი ფლობდა დედოფალი, მან ისინი 2019 წელს შეიფარა და შეუფასებლები არიან. ისინი პირველად ბალმორალის სასახლის ჭერს ეწვივნენ და დედოფალი იმდენად განაცვიფრა ღამურების გუნდმა, რომ სასახლის ჭერის ფანჯრებს დღემდე ღიას ტოვებენ, რომ ღამურებს აქ შესვლის საშუალება დაუტოვონ.
ლონდონის ზოოპარკში იმპორტირებული ორი იაგუარიც დედოფლისაა. ასეთი იაგუარები მხოლოდ 600-ია მსოფლიოში. ელისაბედის ორივე იაგუარის ფასი 56 000$-ია.