მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში გასულ თვეს ინდოელმა მეწარმემ, გაუტამ ადანიმ მესამე ადგილზე გადაინაცვლა და LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს გადაუსწრო. ამჟამად ადანი Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს უახლოვდება.
Bloomberg-ის რეიტინგში ადანის ქონება 143 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ბეზოსის კი – $149 მილიარდად.
საფონდო ბირჟაზე Amazon-ის აქციების შემცირებისა და Adani Enterprise-ის კაპიტალიზაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში მან ბეზოსსაც გადაუსწროს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც ინდოეთისა და, ზოგადად, აზიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იქნება.
საგულისხმოა, რომ რეიტინგის პირველ ადგილზე $245-მილიარდიანი ქონებით ისევ Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკია.
ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი.
Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად ასამდე შვილობილი კომპანიაა, ჰოლდინგის ძირითად საინვესტიციო სფეროს კი ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა წარმოადგენს.
ადანიმ $143-მილიარდიანი ქონების ძირითადი ნაწილის შექმნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეძლო, უშუალოდ მიმდინარე წელს კი მისი ქონების შეფასება თითქმის $67 მილიარდით გაიზარდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმ პროდუქციის გაძვირებითაა გამოწვეული, რომელსაც Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აწარმოებენ.
ხუთწლიან ჭრილში Adani Enterprise-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 2,600%-ით გაიზარდა; მიმდინარე წელს კი მისი კაპიტალიზაცია 100%-ითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ინდოელი ბიზნესმენი ქვეყნის მთავრობასთან ახლო ურთიერთობითაც გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისა და გაუტამ ადანის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ, თავად Adani Group-ი კი აქტიურადაა ჩართული ინდოეთის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.