Home ბლოგი მთა კაცებისღვედიდან ანუ თელაველებისთვის მთა ცივიდან დასავლეთით-კახა სუხიტაშვილის ბლოგი

მთა კაცებისღვედიდან ანუ თელაველებისთვის მთა ცივიდან დასავლეთით-კახა სუხიტაშვილის ბლოგი

წინა ბლოგში დაგპირდით რომ მოგიყვებოდით ჩემს პირველ ვიზიტზე კისისხევის ხეობაში და ასეც ვიზამ თუმცა, მანამდე მინდა გავაკეთო ერთი განმარტება რომელიც მნიშვნელოვანია კახეთის გეოგრაფიისა შეცნობის საქმეში. „მთა ცივი“ თელაველებისთვის კარგად ცნობილი მთაა რომელიც ქალაქს და მიმდებარე რამოდენიმე სოფელს დევივით დაჰყურებს ზემოდან. სინამდვილეში ეს მთა ცივი კი არა მთა კაცებისღვედია, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1903 მ ია, ხოლო ნამდვილი ცივი მისგან 7 კმ სამხრეთით თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, მდინაარეების კისისხევისა და თურდოს წყალგამყოფი ქედის სათავეში მდებარეობს რომელსაც ბებერ გორასაც ეძახიან, მისი სიმაღლე 1991 მ ია ზღვის დონიდან. ეს მთა თელავიდან არ ჩანს მისი დანახვა მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ.

მაშ ასე, მთა კაცებისღვედიდან ანუ თელაველებისთვის მთა ცივიდან დასავლეთით ერთერთ ხევში დავეშვი, იქვე ერთ დაჭაობებულ ტბას ე.წ. უძირო ტბას გადავეყარე სადაც ერთგვარი ამფიბიები- სავარცხილიანი და ჩვეულებრივი ტრიტონები ბინადრობენ. ხევს ჩაუყევი და მდინარე კისისხევის ხევში ჩავედი.

 

ჩემი ბავშვობის ყველაზე საინტერესო ნაწილი დედულეთში- სოფელ კისისხევში მაქვს გატარებული. ბიძაჩემს ხშირად დავყავდით ხოლმე ხევზე საბანაოდ, მერე მეც დავდიოდი. ბავშვობიდან სულ მესმოდა კისისხეველებიდან მეტად საინტერესო სახელები რომლებითაც იხსენიებნდნენ სოფლისა და მიმდენარე ადგილებს: ნაკარალი, ილმაჯვარი, კონდამიანი, ქვაბები, უდაბნო, ფიჭვიანი, ძეძვიანი, შარა, ღვისმშობლის ჭალა, თეთრაანი და სხვა. სულ მაინტერესებდა სად იყო ეს ადგილები, რას წარმოადგენდენ და რატომ ერქვა ასეთი უცნაური სახელები.


მდინარე კისისხევი მდინარე ალაზნის ერთერთი მნიშვნელოვანი შენაკადია, მისი სიგრძე 37კმ ია ხოლო აუზის ფართობი 142 კმ2  ია. მდინარე სათავეს იღებს ცივგომბორის ქედის თხემზე ზღვის დონიდან 1750 მზე და საზრდოობს ნალექებისა და მიწისქვეშა წყლების ხარჯზე, მთელი ხეობა დაფარულია ტყით-ძირითადად წიფლნარებით, ასევე გავრცელება აქვს რცხილას, ქართულ მუხას, ცაცხვს, იფანს და სხვა. ხეობის სათავეებში ფიჭვნარი ტყის მონაკვეთებიც არის წარმოდგენილი. რაც მთავარია ეს ხეობა და სოფელი უზარმაზარი კულტურული და ისტორიული ღირებულების მატარებელია და სწორედ 1994 წლის 16 ივნისს 3000 წლოვანი ისტორიის შუაგულში მოხვდი. სრულია უცხო გარემოში ძლივს ვიკვლევდი რა გზას ერთ ადგილას კლდეებზე ავიხედე და გული ამიჩქარდა: კლდეში გამოკვეთილი ძველი ქალაქი ვიხილე ეს იყო ჩემთვის პირველი და უდიდესი კულტურული შოკი. დიახ, კისისხევის ქვაბები გამოჩნდა ჩემს წინ. დიდი სურვილი გამიჩნდა იქ ასვლის ამიტომ ფერდობის ძირში ბილიკი ვიპოვნე და ავუყევი. დაახლოებით 500 მ ის გავლის შემდეგ ვაკეზე გავედი სადაც მეორე საოცრება დამხვდა; უცნაურად დახვეწილი, თითქოს ბრძენი მოხუცი, იარებითა და დაჭრილი მეხსიერებით შემორჩენილი ეკლესია. კისისხევის გამოქვაბულების ძირში მდება რე კონდამიანის ეკლესიის სახით. ეს ეკლესია VI-VII საუკუნეებისაა და ერთერთ ასურელ მამას აუშენებია. კონდამიანი წმინდანების კოზმასა და დამიანეს სახელზეა აგებული.

დავიღალე, ემოციურადაც და ფიზიკურადაც, მაგრამ გამოქვაბულში შესვლის სურვილი არ მასვენებს და ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ……..

კახა სუხიტაშვილის ბლოგი