მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი საქართველოს მთავრობის სხდომაზე გახდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას.
მეცხოველე ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია. პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ცხოველთა ჯანმრთელობის, წარმოების ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია ფერმის აშენების, რეკონსტრუქციისა და აღჭურვისთვის შესაბამისი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს ფერმაში საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისთვის საჭირო დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვას.
აღნიშნულის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტს სამი ახალი ქვეკომპონენტი დაემატება: ა) მაღალპროდუქტიული მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის; ბ) სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის დაფინანსებისათვის; გ) მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მაღალპროდუქტიული მსხვილი ფერმების მოწყობისათვის გათვალისწინებულია 5 მლნ. ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება 11% ოდენობით, 7 წლის განმავლობაში.
სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობისათვის ჩნდება კომპონენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება 1 მლნ. ლარამდე სესხის აღება, რომლის პროცენტის დაფინანსება განხორციელდება 11% ოდენობით, 4 წლის განმავლობაში.
ასევე, რძის მწარმოებელი მცირე ფერმერული მეურნეობისათვის გათვალისწინებული იქნება საგრანტო კომპონენტი, 40 ათას ლარამდე და დამატებით 250 ათას ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება 11% ოდენობით, 4 წლის განმავლობაში.