მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახლო მომავალში მისამართს შეიცვლის, არსებული შენობა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) გადაეცემა. შესაბამისი თხოვნით მასწავლებლის სახლის დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, სუს-ის ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორმა 2020 წლის 11 ივნისს მიმართა.
„ბატონო ბერიკა, გთხოვთ სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადმოსცეთ ქ.თბილისში, გმირი კურსანტების ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში არსებული 220 კვ.მ. ფართი, შენობა-ნაგებობა N2-ში არსებული 4200.64 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი“,- ვკითხულობთ ეკონომიკური დეპტარმენტის დირექტორ სერგო ჯანელიძის წერილში.
წერილის მიღებიდან მეორე დღეს 2020 წლის 12 ივნისს, ბერიკა შუკაკიძე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შენობის სასწრაფო წესით დაცლის მომსახურებისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებას ითხოვს. შესყიდვები დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ მასწავლებლის სახლს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდა.
„მოგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობა მდებარე ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შენობა უნდა გადავცეთ უმოკლეს ვადებში, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას ელექტრონული ტენდერის ჩატარების გზით მოვახდინოთ გადაზიდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა“,- ნათქვამია მასწავლებლის სახლის დირექტორის მიმართვაში.
შესყიდვების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება უახლოესი ხანების წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლს არავითარი წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა. მასწავლებლის სახლს შემდეგი ფუნქციონირებისთვის სხვა საოფისე ფართს გადასცემენ, სადაც ცენტრი 30 ივნისამდე უნდა განთავსდეს.
„ჩვენი ცენტრი არის 8 სართულიანი შენობა. ამ ვითარებაში აუცილებელია მოხდეს თითოეულ სართულზე არსებული ავეჯის (საოფისე მაგიდა, სავარძელი, თარო, დივანი, მაცივარი, ვენტილატორი და ასე შემდეგ) სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთვა, მისი გადატანა ახალ საოფისე ფართში და დაკომპლექტება. იმისთვის, რომ ჩვენმა ცენტრმა განახორციელოს ფუნქცია-მოვალეობები აუცილებელია დროულად მოხდეს საოფისე ავეჯის და სხვა ინვენტარის გადატანა ახალ ოფისში“,- ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილ დასაბუთებაში.
მასწავლებლის სახლის შენობა ქ. თბილისში, გლდანში, გმირი-კურსანტების ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან მდებარეობს და ტერიტორიაზე ძირითადად ძალოვანი უწყების კუთვნილი შენობა-ნაგებობებია განთავსებული. როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს, ახალი ოფისის თაობაზე რამდენიმე ვარიანტი განიხილება და გადაწყვეტლება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შენობაც თბილსში 2011 წელს გაიხსნა. ცენტრის მთავარ მიზანს წარმოადგენს სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით.
წყარო : https://edu.aris.ge