Home მსოფლიო მასკი Twitter-ს სასამართლოში საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ შეიძენს

მასკი Twitter-ს სასამართლოში საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ შეიძენს

მილიარდერი, ილონ მასკი Twitter-ის შესაძენად თავისი თავდაპირველი შეთავაზებით, 44 მლრდ დოლარის გადახდის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციაში წერია, რომლებშიც მასკი სოციალური მედიის კომპანიისგან სარჩელის შეწყვეტას მოითხოვს.

სააგენტო წერს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიაპლატფორმას უხელმძღვანელებს, ხოლო სასამართლო პროცესი, რამაც Twitter-ს ზიანი მიაყენა, მასკს კი არასტაბილური ქცევისთვის რეპუტაცია შეურყია, დასრულდება. ელექტრომანქანების მწარმოებელ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ჩაიბარებს კომპანიას, რომლის ყიდვაც თავდაპირველად აპრილში დააანონსა, თუმცა მალევე გადაიფიქრა. ამჯერად მასკმა Twitter -ზე დაწერა, რომ მედიაპლატფორმის შესყიდვა დააჩქარებს მის ამბიციას, შექმნას „ყველაფერის აპლიკაცია“ სახელწოდებით, „X.“

განახლებული შეთავაზება წინ უსწრებს მასკსა და Twitter-ს შორის მოსალოდნელ დაპირისპირებას დელავერის სასამართლოში, რომელიც 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. სოციალური მედია მოითხოვდა, რომ სასამართლოს აეძულებინა მასკი, 44 მლრდ დოლარის გარიგება დაეხურა. მილიარდერმა Twitter-ს წერილი ორშაბათს გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ გარიგებას თავდაპირველი პირობებით გააგრძელებდა, თუ დელავერის მოსამართლე პროცესს შეწყვეტდა. Twitter-ის გუნდთან ნაცნობმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ გუშინ დილით გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ორივე მხარეს სთხოვა, თავიანთი პოზიცია საღამოსთვის მოეხსენებია.

Twitter-მა, რომელიც გარიგების დახურვას თავდაპირველ ფასად აპირებდა, მასკის წერილი მიიღო, მაგრამ Reuters-თან არ დაუკონკრეტებია, თანხმდება თუ არა მილიარდერის შეთავაზებას. თუმცა, სააგენტოს ინფორმაციით, Twitter-მა უკვე მიიღო აქციონერთა მხარდაჭერა მასკისთვის კომპანიის მიყიდვაზე და გარიგება შესაძლოა, უახლოეს კვირებში სწრაფად დაიხუროს, თუ მხარეები თავდაპირველ პირობებზე შეთანხმდებიან.

Reuters წერს, რომ ილონ მასკი Twitter-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომხმარებელია. სამშაბათს გვიან მან თავის გვერდზე დაწერა, რომ „Twitter, ალბათ, 3-დან 5 წლით X აპლიკაციას დააჩქარებს.“ მასკი გულისხმობდა წინადადებას, რომლითაც მან Twitter-ის თანამშრომლებს ივნისში მიმართა, რომ სხვადასხვა პოპულარული აპებისა და ფუნქციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ჩინური WeChat, „სუპერაპლიკაცია“ ან მარკეტპლეისი შექმნილიყო. მან, ასევე, განაცხადა, რომ სურს, ფულის გადარიცხვის ფუნქცია შექმნას.