მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ერთ-ერთ იმ საბანკო-საფინანსო ორგანიზაციათა შორისაა, რომელიც ილონ მასკის მიერ კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გეგმას დააფინანსებს.
Binance-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა ილონ მასკს 500 მილიონ დოლარს მიაწვდის.
მასკის მიმართ ჟაოს პოზიტიური დამოკიდებულება საკმაოდ მარტივი მიზეზითაა განპირობებული – ილონ მასკი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მსხვილი მეწარმე იყო, რომელმაც კრიპტოაქტივებში ინვესტირება გადაწყვიტა და კომპანია Tesla-ს საშუალებით 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მასკი ბიტკოინს, ეთერიუმსა და დოჯკოინს პირად საინვესტიციო პორტფელშიც ფლობს, თუმცა აღნიშნული ინვესტიციის ზუსტი მოცულობა ცნობილი არ არის.
მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.
13 მილიარდ დოლარი – ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით აიღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი – Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.
დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.