სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 19 მაისს, ოფიციალურ ვებგვერდზე მანდატურების შესარჩევი კონკურსის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება.
უწყება მანდატურების შერჩევას მუნიციპალიტეტების სკოლებისთვის აპირებს.
მანდატურის საჭიროება დგას მცხეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ოზურგეთის, სამტრედიის, ზუგდიდის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, დმანისის, გარდაბნის, ყვარლის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ახმეტის, ბორჯომის, ახალქალაქის, ასპინძის მუნიციპალიტეტების ქალაქების, სოფლებისა და დაბების სკოლებში.
კონკურსი სულ 32 მანდატურის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად წარიმართება.
კანდიდატისთვის სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილება ნებისმიერ 21 წლის ასაკის ზემოთ, ნასამართლობის არმქონე, პროფესიული ან უმაღლესი განათლების, ქართული ენის მფლობ და შესაბამისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს შეუძლია. ამისთვის შევსებული სააპლიკაციო ფორმის, სამოტივაციო წერილის, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა კმარა.
თუმცა, გარდა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებისა, საზოგადოების მხრიდან მანდატურების მიმართ მოლოდინები იზრდება. სკოლებში მწვავედ დგას ბულინგის, დანაშაულის აღმოფხვრისა და მშვიდობიანი, ღირსეული სასკოლო გარემოს შექმნის საკითხი, რაშიც მანდატურთა როლი დიდია, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, რეალობაში ეს მისია ნაკლებად სრულდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, უწყება შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისა და ფიზიკური მზაობის შემოწმების შედეგად შეაფასებს. შემდეგ კი, პოზიციის დაკავებამდე, კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსს 2 თვის განმავლობაში დისტანციურად გაივლიან.
მანდატურის შრომა 750 ლარად (დარიცხული ოდენობა) ფასდება.
მოსამზადებელი კურსის შეწყვეტის ან შემდეგ პოზიციის დაკავებაზე უარის შემთხვევაში, თუნდაც, ერთი სასწავლო წლის მანძილზე თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, კანდიდატი უწყებას მოსამზადებელი კურსის ღირებულებას უნაზღაურებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების წარდგენა დაინტერესებულ პირებს დღეიდან, 19 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით შეუძლიათ უწყების მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გასაგზავნი დოკუმენტებია:
- სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც მოიცავს სამოტივაციო წერილის კომპონენტს;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.