მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბანაკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებს გაესაუბრა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს სიტყვით მიმართეს და ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – პაატა ასრათაშვილი, ალექსი გილაშვილი და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი.
პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მეორე წელია ახორციელებს და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა:საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“, საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური“.
პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეკრეაციული, საგანმანათლებლო შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა. ბანაკში 8 ნაკადის განმავლობაში, მცირეკონტიგენტიანი სკოლებიდან 1056 მოსწავლე დაისვენებს.