ლაგოდეხის მერია კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების პარალელურად, მოწყვლად ჯგუფებზე ჯამში 225 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.
მერია ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტის დარიგებას იწყებს. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ 12 დასახელების პროდუქტი 1600-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.
“ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიწყებთ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტების, ოჯახებისთვის გადაცემას. სასურსათო პაკეტი მოიცავს 12 დასახელების პროდუქტს, რომელიც დაურიგდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საბავშვო ბაღის 1627 აღსაზრდელს.”- ამბობს ლაგოდეხის მერი.
ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესში მკაცრად იქნება დაცული მთავრობის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის მიერ დადგენილი ყველა წესი და რეკომენდაცია.
ლაგოდეხის გარდა, სასურსათო პაკეტები აღსაზრდელების ოჯახებს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებმაც გადასცეს.