კრიპტოინდუსტრიაში მკვეთრი დაღმასვლისა და კოლაფსის ტენდენცია გრძელდება – ამჯერად გაკოტრების გამოცხადება კრიპტობირჟა Zipmex-ს მოუწია, რომელიც, ძირითადად, აზიის რეგიონში ოპერირებს.
სინგაპურში დაფუძნებული კომპანიის გაკოტრება პირდაპირ კავშირშია უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინის Terra/Luna-ს კოლაფსთან და სხვა კრიპტოკომპანიებს, მათ შორის, Celsius-ის, Voyager Digital-ისა და Three Arrows Capital-ის გაკოტრებასთან.
Zipmex-ი სინგაპურის, ავსტრალიის, ტაილანდისა და ინდონეზიის მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს ემსახურებოდა, როგორც უშუალოდ ტრეიდინგ პლატფორმით, ასევე ერთგვარი საბანკო სერვისებით, კერძოდ, სესხებითა და კრიპტოდეპოზიტებით.
CNBC-ის ინფორმაციით, Zipmex-ის გაკოტრება $53-მილიონიან სესხთანაა დაკავშირებული, რომელიც კომპანიას Celsius-სა და Babel Finance-ზე ჰქონდა გაცემული.
სინგაპურის სასამართლოში შეტანილი განაცხადიდან ირკვევა, რომ Zipmex-ის წარმომადგენლობა რესტრუქტურიზაციისა და გაკოტრების გეგმის შემუშავებას მოითხოვს, თუმცა დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო კომპანიის მოთხოვნას, ჯერჯერობით უცნობია.