Home ბლოგი კომუნიკაცია კონფლიქტის დროს

კომუნიკაცია კონფლიქტის დროს

დროზე მომისწრო გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანის ეკრანიზაციამ – ეს წიგნი ოცი წლისამ წავიკითხე და ახლა სულ სხვანაირად აღიქმება. “მარტოობის ას წელიწადში” ასეთი ამბავია მოთხრობილი: თავისუფალ ქალაქ მაკონდოს – ერთგვარ სახელმწიფოს სახელმწიფოში – ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან და სახლების ლურჯად შეღებვას მოსთხოვენ. ისინი მაკონდოს მოსახლეობისგან ჩამოსვლის დღიდანვე განსხვავდებიან: სხვანაირად აცვიათ, სხვანაირად სწამთ, წესრიგზე სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ…

მოსახლეობა ეწინააღმდეგება მოთხოვნას და ხელისუფლებაც “თმობს” – ნებას რთავს მაკონდოელებს, იმ ფერად შეღებონ სახლები, რა ფერადაც სურთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ ლურჯი საღებავი უფასოა, საზოგადოების ნაწილი საკუთარი ნებით ამბობს უარს თავის საყვარელ ფერზე და არჩევანს ლურჯის სასარგებლოდ აკეთებს.

ასე იცვლება სრულიად თვითმყოფადი მაკონდო, სადაც ყველა სახლი მდინარიდან ერთსა და იმავე მანძილზე იდგა, ხოლო მზე ყველა მათგანს ერთნაირად აცხუნებდა. ის ტიპურ კოლუმბიურ ქალაქად იქცევა, მისი დაარსების თარიღად კი იქ ხელისუფლების შესვლის დღე ჩაიწერება.

საზოგადოების გახლეჩა

ნებისმიერი კონფლიქტის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონფლიქტი ძალაუფლების გამოა, საზოგადოება ორად იხლიჩება: ვართ ჩვენ და არიან ისინი. ჩვენ და ისინი სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ერთმანეთის გაგება არათუ არ შეგვიძლია, არც კი გვინდა. სხვისი გაგება ღალატია. ეს დაპირისპირება ბრაზითა და ზიზღით არის შეფერილი.

ამ დროს ოპონენტის გადმობირების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, მანიპულაცია: ფორმალურად ვეთანხმებით მას, მაგრამ დანაპირებს არ ვასრულებთ. ხელოვნურად ვქმნით ისეთ პირობებს, რომ მოწინააღმდეგეს არა მხოლოდ არჩევანს, არამედ შემოდავების საშუალებასაც კი ვართმევთ. პოპულარულ ფსიქოლოგიაში ამას გასლაითინგი ეწოდება: ადამიანს მანიპულაციებით ვარწმუნებთ, რომ რასაც ის ფიქრობს ან გრძნობს, არასწორია და ვაიძულებთ, საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების ნაცვლად ჩვენი მიიღოს. ასეთი მანიპულაცია ადვილია, თუმცა მას ყოველთვის მოჰყვება დაძაბულობა და მეორე მხარის ემოციური დამცირება.

მოლაპარაკების დაწყება

ოპონენტთან მოლაპარაკების უკეთესი გზებიც არსებობს, როდესაც არცერთი მხარე არ ზარალდება და ძალაუფლებასაც არავინ თმობს ან თმობს ყველა და ეს სამართლიანია. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, მოსაუბრეს “ჩვენ-ისინი” გაყოფით არ ვესაუბროთ. ვინც მოლაპარაკებას იწყებს, მანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მტერს კი არა, თავისნაირ ადამიანს ესაუბრება. რა თქმა უნდა, არსებობს კონფლიქტის მართვის უამრავი სხვა ხერხიც, მაგრამ მე მჯერა, რომ თუ ვერ შევძელით თანამოსაუბრის თანასწორად აღქმა, ყველა ეს ტექნიკა დაზეპირებული, ზედაპირული და არაგულწრფელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მივაღწევთ მხოლოდ ნაძალადევ შეთანხმებას, მაგრამ ვერასოდეს მივალთ ნამდვილ მორიგებამდე. გვაქვს თუ არა თანამოსაუბრის მიმართ საბაზისო პატივისცემა, მისდამი ემპათია, მისი გაგების სურვილი, გამოჩნდება ჩვენს ყოველ ჟესტში, ინტონაციაში, წინადადების წყობაში. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა, თავი მოწინააღმდეგის პოზიციაში წარმოვიდგინოთ და გაგების გულწრფელი სურვილით ვესაუბროთ მას.

მიუდექით დიალოგს გულღიად

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ და ჩვენი თანამოსაუბრე სხვადასხვა გამოცდილების მატარებლები ვართ, ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა მოცემულობით განვითარდა და ამიტომ სხვადასხვა პოზიციებზე აღმოვჩნდით. ეს არც ერთი მხარის ბრალი არ არის, ჩვენ ასეთებად არ დავბადებულვართ. ცხოვრებამ დაგვაყენა ჩატეხილი ხიდის სხვადასხვა მხარეს.

მოუსმინეთ

დიალოგის დროს თანამოსაუბრის მოსმენის ნაცვლად ხშირად საპასუხო რეპლიკებზე ვფიქრობთ. ეს ხელს გვიშლის იმის გაგებაში, სინამდვილეში რას გვეუბნება თანამოსაუბრე. საბოლოო ჯამში, ვიწვრთნებით საკუთარი აზრების უკეთ ფორმულირებაში და შესაძლოა, დებატები მოვიგოთ, მაგრამ წავაგოთ მოლაპარაკება.

ეცადეთ, ყურადღებით მოუსმინოთ, რას გეუბნებათ თანამოსაუბრე. აგრძნობინეთ, რომ მისი სათქმელი თქვენთვის მნიშვნელოვანია.

დასვით ღია კითხვები

ნუ ეცდებით ოპონენტის გამოჭერას. პირიქით, მიეცით საშუალება, ბოლომდე გითხრათ სათქმელი.

დასვით დამაზუსტებელი კითხვები

ჩაეძიეთ თანამოსაუბრეს, შეაჯამეთ მისი ნათქვამი, გამოიყენეთ ფრაზები: “თუ სწორად გავიგე“, “ესა და ეს იგულისხმეთ?“ – და ა.შ.

გაუზიარეთ მსგავსი გამოცდილება

თუ ოპონენტისგან მოისმენთ ისეთ რამეს, რაც თქვენთვისაც ნაცნობია, რის შესახებ თქვენც გიფიქრიათ, რაც თქვენც გადაგხდენიათ, გაუზიარეთ. ასე თანამოსაუბრე იგრძნობს, რომ მისი გესმით და ერთსა და იმავე მხარეს ხართ.

კონცენტრირდით საერთოზე

თუ თქვენი მიზანი მორიგებაა, ეცადეთ, ხაზი გაუსვათ იმ მომენტებს, რომლებიც გაერთიანებთ. მაგალითად, ყველას უნდა უსაფრთხოება, ოჯახის დაცვა, თავისუფლად ცხოვრება, სწავლა, მუშაობა.

არ მისცეთ თანამოსაუბრეს საშუალება:

  • დაგარცხვინოთ. თქვენ გაქვთ უფლება, იგრძნოთ, რასაც გრძნობთ და იფიქროთ, რასაც ფიქრობთ. არ წამოეგოთ ფრაზებზე: “როგორ არ გრცხვენიათ“, „თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა“, – და ა.შ.
  • შემოგთავაზოთ შეზღუდული ან მოჩვენებითი არჩევანი, როგორც ეს ლურჯი საღებავის შემთხვევაში მოხდა.
  • გადაგიბიროთ ზოგადი ფრაზებით: “ეს ხომ ყველამ ვიცით“, “საერთოდ, ასეა“, “ყველა ვთანხმდებით, რომ…“
  • დაგარწმუნოთ წარსულზე აპელირებით. ის, რომ ადრე ასე იყო, არ ნიშნავს, რომ ახლაც ასე უნდა ხდებოდეს. ყველა დროს თავისი სიმართლე აქვს.
  • გადაიყვანოს კამათი პირად დაპირისპირებაში. თქვენ კამათობთ პოზიციებზე და არა იმაზე, ვინ უკეთესი ადამიანია.
  • დაგაკარგვინოთ ემოციური წონასწორობა. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო გაუჭრდებათ თქვენით მანიპულირება.
  • მოგიგოთ არგუმენტით: “თქვენ თავად არ აკეთებთ ამას“. მაგალითად, შესაძლოა, პირადად თქვენ არ გეძინოთ დღე-ღამეში 9 საათი და ვერ იცავდეთ რეჟიმს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროზე დაწოლისა და ადრე ადგომის პრინციპი მცდარია.

დასკვნა

კონფლიქტის დროს ცხოვრება მუდმივი, ქრონიკული სტრესის პირობებში ცხოვრებას ნიშნავს. ჩვენი ემოციები უკიდურესად დაძაბულია, ადვილად ვბრაზდებით, გუნება-განწყობა მრავალჯერ გვეცვლება და სხვასთან, ჩვენგან განსახვავებულთან დაკავშირება კიდევ უფრო გვიჭირს. კონფლიქტს “ჩვენ-ისინი” დიქოტომიის გამწვავება მოაქვს.

თუ ეცდებით, ეს მოცემულობა გაარღვიოთ, საკუთარი თავის ცვლილებით დაიწყეთ, დაფიქრდით, რატომ გინდათ მორიგება, საერთო ენის გამონახვა, რას მოგცემთ ეს თქვენ, როგორ გაუმჯობესდება ამით თქვენი ცხოვრება.

დაფიქრდით, რამდენად გიღირთ კონკრეტულ პიროვნებასთან კამათი, გეყოფათ თუ არა ამისთვის მოთმინება და ემპათია. წესისამებრ, რაც უფრო ახლობელია ადამიანი, მით უფრო გვიჭირს მასთან ნეიტრალურად საუბარი. დაგეგმეთ აღდგენითი აქტივობაც, მაგალითად, კამათის შემდეგ ინახულეთ მეგობარი.

წესად აქციეთ, ერიდოთ ნარცის, ეგოისტ, მანიპულატორ ენერგოვამპირებთან კამათს – ინტელექტუალურად რომც მოუგოთ, ემოციურად დაზიანდებით.

დაბოლოს, შეინარჩუნეთ თქვენი თავი, თქვენი თვითმყოფადობა, არ აჰყვეთ მანიპულაციას და არ მოიხიბლოთ მოჩვენებითად უფასო ლურჯი საღებავით. მისი ფასის გადახდა თქვენი პირადი თავისუფლებით მოგიწევთ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

წუარო: aversi.ge