კივანო, იგივე აფრიკული კიტრი, რომელმაც საქართველოში დიდი დაინტერესება გამოიწვია, ქსელებში ივლისის ბოლოს დაბრუნდება. როგორც პროდუქტის ამჟამად ერთადერთი მწარმოებელი ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წელს მოსავალი შედარებით მეტი იქნება, ამასთან, მას სამაცივრე მეურნეობაშიც შეინახავენ. შესაბამისად, შესაძლოა, კივანო ახალ წელსაც ხელმისაწვდომი იყოს.
ცნობისთვის, კივანო კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხში „ლოლაძეების ფერმაში“ იწარმოება. როგორც ლაშა ლოლაძე აცხადებს, ეგზოტიკური პროდუქტის მოყვანით დაახლოებით, 5 წლის წინ დაინტერესდა, მისი რეალიზაცია კი შარშან ორ ჰიპერმარკეტში დაიწყო.
კივანო, გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში.
პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.
რაც შეეხება მის ღირებულებას, შარშან ქსელებში 1 კგ კივანო 28 ლარი ღირდა. როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს, კივანოს საბითუმო ფასი არც წელს გაიზრდება.
“კივანოს მოსავლის აღება და შემდეგ უკვე ქსელებში რეალიზაცია ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყება. მოთხოვნა არის, შარშან ქსელებში რა რაოდენობის მოსავალიც შევიტანეთ, სულ გაიყიდა. უკან დაბრუნების შემთხვევა არ გვქონია.
წელსაც იგივე ქსელებში გაიყიდება. უბრალოდ, მოსავალის რაოდენობა შედარებით მეტი იქნება და უკვე მის შენახვასაც შევძლებთ. სამაცივრე მეურნეობის დაქირავებას ვგეგმავთ, შესაბამისად, გაყიდვის პერიოდი გაიზრდება და იმედია, ახალ წელსაც ხელმისაწვდომი იქნება.
რაც შეეხება მის ღრებულებას, ჩვენი მხრიდან ფასი ნამდვილად არ გაიზრდება. იმედია, რითეილერებიც არ გაზრდიან“,-ამბობს ლაშა ლოლაძე.