უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საუბრობენ რამდენიმე ვერსიაზე, რასაც შეიძლება გამოეწვია კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნა. ამის თაობაზე ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.
“უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დაიწყეს მომხდარის გამოძიება. ამჟამად განიხილება ტრაგედიის რამდენიმე ვერსია”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
სახელდება სამი მთავარი ვერსია, ესენია: ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და წინასწარ განზრახული ქმედება სატრანსპორტო საშუალების გასანადგურებლად.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ატარებენ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს ტრაგედიის დეტალების და ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე, 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა, 18 იანვარს, დილით ჩამოვარდა კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან.
დაღუპულთა შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ცნობით, ხმელეთზე დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ “ცხელ წერტილში”, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ვერტმფრენის კატასტროფას საშინელი ტრაგედია უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.